29.აგვისტო .2019 12:35

პირველი თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი "ათი"

უკან

ყოფილხართ რესტორანში დილით, პირველი სტუმრის მოსვლამდე? ცალი თვალით თუ შეგიხედავთ ოდესმე რესტორნის სამზარეულოში, ყველაზე ჯადოქრულ ადგილას, სადაც მთელი დღის ან საღამოს განწყობა თეფშზე იბადება? თუ შეგიმჩნევიათ, როგორ ემზადება რესტორნის პერსონალი სტუმრების დასახვედრად, როგორ ალაგებენ გაკრიალებულ თეფშებსა და ჭიქებს მაგიდებზე, სამზარეულოდან კი ზუსტად ისეთივე ბუნდოვანი ხმაური მოდის, როგორც დახურული სცენის ფარდის მიღმა?

რესტორანსა და თეატრს შორის იმაზე მეტი მსგავსებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სამზარეულოშიც ისეთივე ფუსფუსია, როგორიც - კულისებში; შეიძლება, უნებლიეთ ორკესტრის ორმოდან ამომავალი ისეთივე კაკაფონიაც კი მოგესმათ, როგორც ოპერაში წარმოდგენის დაწყებამდე იცის ხოლმე. და ამ ყველაფრის შემოქმედი, გნებავთ, ჯადოქარი, რეჟისორი ან შეფმზარეულია. ადამიანი, რომელიც აკონტროლებს სინქრონს, ბალანსს, დისციპლინას და შედეგად სასწაულს სცენაზე, ან, გნებავთ, პირდაპირ თეფშზე ქმნის.

კულინარიული ჯადოქრობა ივნისიდან სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მეათე სართულზე, რესტორან „ათში“ ყოველ საღამოს 6 საათიდან იწყება. პირველი ქართული თანამედროვე გრილის რესტორნის შეფმზარეული გიორგი ნინუაა, რომელიც დაუსრულებელი ექსპერიმენტებით ქართულ ტრადიციულ კერძებს საერთაშორისო დონის საავტორო სამზარეულოდ გარდაქმნის. გიორგი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ საქართველოში „შერატონის“ მოწვევით დაბრუნდა და მენიუზეც თავად იმუშავა.

თავად გიორგისთვის საოცნებო სამზარეულო სტუდენტობიდან მოყოლებული სწორედ „შერატონი“ იყო, ამიტომაც ფიქრობს, რომ აქ მოსვლით ოცნება აუხდა.

„ყირამალა სოკოები“, „საქონლის ლოყები ქინძმარაულში“, „მტირალა პომიდორი“ და კერძების სხვა, სახალისო დასახელებებიც მისი ფანტაზიითაა შექმნილი. მენიუს ნაწილი კი შეფმზარეულის დედის ძველ რეცეპტებს უკავიათ, რაც აღნიშნულია კიდეც კერძების აღწერაში.

რესტორან „ათის“ გემოების ჯადოქარი მიიჩნევს, რომ კარგი კერძის მოსამზადებლად, პირველ რიგში, საუკეთესო პროდუქტია საჭირო. „როცა პროდუქტი ხარისხიანია, შეიძლება, აიღო ჩვეულებრივი პომიდორი, დაჭრა, მარილი დააყარო, ზეთი მოასხა და საუკეთესო კერძი გამოგივიდეს“, - ამბობს გიორგი ნინუა. ამიტომაც მისი მომწოდებლები მთელ ქვეყანაში არიან გაბნეული: იცის, ვის აქვს საქართველოში საუკეთესო ლორი, ჯონჯოლი, ყველი თუ სხვა პროდუქტი ან ბოსტნეული.

შეფმზარეულის სიყვარული მწვანილებისა და ქართული საკმაზის მიმართ მენიუსაც ეტყობა. მისი თქმით, ტარხუნა, პიტნა და ბაზილიკი - ის გემოებია, რომლებსაც არა მხოლოდ გემოს, არამედ განწყობისა და კომუნიკაციის შეცვლაც კი ძალუძს.

სტუმრების მოსვლამდე სამზარეულოში ჩვეული პროცესი მიმდინარეობს: მაქსიმალურად მუშავდება და ხარისხდება პროდუქტები, ეს ამ თეატრის გენერალური რეპეტიციაა. პირველი შეკვეთის მიღებიდან კი სამზარეულოს კულინართა გუნდი, გიორგის ხელმძღანელობით, დისციპლინირებულად და კოორდინირებულად ჯდება სინქრონში. ხელი თავისით საზღვრავს სიმლაშესა თუ სიმწარეს; გამოცდილი თვალი კი თითოეულ კერძს ინდივიდუალურად ურჩევს თეფშს, გაფორმებასა და ვიზუალს. „თვალი ჭამს და თვალი სვამს“ - გიორგის საყვარელი ფრაზაა, რომელიც რესტორნის კონცეფციადაც აქცია.

„ჩემს სათქმელს თეფშზე დადებული კერძი ამბობს. შეიძლება ითქვას, ხანდახან კადრს მიღმა ვრჩები, მაგრამ მე სამზარეულოს შეფმზარეული ვარ და არა - დარბაზის. მირჩევნია, რომ კერძის მეშვეობით გავეცნო სტუმრებს და ასე დავამყარო მათთან კონტაქტი, ეს კომუნიკაცია გარდაუვალია“. - ამბობს რესტორან „ათის“ რეჟისორი.

„ათში“ პანორამული შიდა ლიფტებით მოხვდებით. რესტორნის ინტერიერის დიზაინი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული სტუმარი დარბაზის სიღრმიდანაც კი ტკბებოდეს ძველი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით. რესტორანი ორი მხრიდან ტერასითაა გარშემორტყმული; ხედებით ტკბობა კი ვიტრაჟებითაა შესაძლებელი. ეკლექტური ავეჯი და გამწვანებული ინტერიერი ქართული კონცეფციის ნაწილია; ინტერიერს კი ერმაკოვისა და როინაშვილის ფოტოები ამშვენებს.

საღამოს 8 საათიდან სტუმრებით სავსე რესტორანი მართლაც საბოლოოდ ემსგავსება თეატრს, სადაც მაყურებლები, მსახიობები და რეჟისორი ემოციური უხილავი ძაფებით უკავშირდებიან ერთმანეთს. რესტორნის ულამაზეს ინტერიერს კი ღამის განათებული ძველი თბილისი უკვე ბუნებრივად ერწყმის და ნამდვილ ქართულ, ეკლექტიკურ სრულ სურათს ქმნის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა