15.მარტი .2020 11:00

პირველი ტესტით, კორონავირუსისგან მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელდა

views 596
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორიას აქვს და კორონავირუსი ჰქონდა, 15 დღის შემდეგ, ანუ გუშინ ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი ტესტზე უარყოფითია.

იმ შემთხვევაში, თუ ამ პაციენტზე განმეორებითმა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ის გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა.

"ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა 21 პაციენტზე ტესტირება COVID-19-ზე. ამ 21-დან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის ნეგატიური. დანარჩენი ხუთი პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

ამ პაციენტებს შორის არის ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხიც, იმიტომ რომ მას დღის მეორე ნახევარში აუღეს ანალიზი და დღეს დღის განმავლობაში მივიღებთ, მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15 დღეზე გუშინ ჩატარდა ტესტირება და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი.

ახლა, ვიცით ჩვენ, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა.

ასე რომ, ამ ეტაპზე ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა", – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, საქართველოში სულ კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა