26.იანვარი .2021 18:30

პირველი ვიცე-პრემიერი ბიზნესთან შეხვედრას აჯამებს

პირველი ვიცე-პრემიერი ბიზნესთან შეხვედრას აჯამებს
views 327
უკან

"ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა, რაზე შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს, მთავრობა იღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ეს არ არის პირველი, ან ერთადერთი შეხვედრა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის პროცესში ჩართული ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესში, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც, ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, უკვე ერთი წელია ვახორციელებთ, როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და არსებობს საკმაოდ მაღალ დონეზე. გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, იმ საერთო, ზოგადი ვითარების ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსგავსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამას ეფუძნება არსებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაც.

ბიზნესს, ისევე, როგორც საჯარო სივრცეში ისმოდა კითხვები, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკაში უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ამიტომ, დღეს, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძის მონაწილეობით ჩატარდა ეს შეხვედრა. ჩვენ, დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა და მათ შორის, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის, საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა