მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროავტობუსები ოსლოში - ნორვეგიის დედაქალაქი ნულოვანი ემისიების მიზანს უახლოვდება

63511bb64d40f
თათია კაკიაშვილი
24.10.22 09:30
1421
ოსლო ნულოვანი ემისიების მიზნის მისაღწევად წინ მიიწევს - ნორვეგიის დედაქალაქს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის სრულად ელექტრიფიკაცია აქვს გადაწყვეტილი. 700 ათას მოსახლიანი ქალაქისთვის ელექტრო ბორნები, ტრამვაი და მოტოციკლები უკვე ხელმისაწვდომია და ამჯერად ელექტრო ავტობუსებზე მიღებული ახალი შეთანხმებით, ნორვეგიის დედაქალაქი ერთი ნაბიჯით დაუახლოვდება მიზანს - 2030 წელს გამონაბოლქვისგან თავისუფალი მსოფლიოში პირველი ქალაქის სტატუსი ჰქონდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ გამონაბოლქვის და ხმაურის შესამცირებლად და ჰაერის გასაწმენდად, რათა ქალაქი საცხოვრებლად ყველასთვის უკეთესი გახდეს. ჰაერის დაბინძურება ძირითადი შემაშფოთებელი საკითხია ჩემთვის და ქალაქის მთავრობისთვის. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ავტომობილების მოძრაობის შემცირებაზე და საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემაში დიდ ინვესტიციებს ვდებთ, ამავე დროს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტრიფიკაციაზე,” - განაცხადა ოსლოს ვიცე-მერმა სირინ სტავმა.

ოსლოს მერია დიზელზე მომუშავე ავტობუსებს 450 ერთეული ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით ანაცვლებს, რაც მთლიანობაში დაახლოებით 47 მლნ დოლარი ჯდება. მართალია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა ვიცემერის თქმით, გრძელვადიან პერიოდში ინიციატივა დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯებს შეამცირებს.

“რა თქმა უნდა, შესასრულებელი ხარჯი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ჩვენ გვჭირდება ინვესტიცია ელექტრო ინფრასტრუქტურაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რეალურად ხარჯები დაგვეზოგება, რადგან ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მოვლა გაცილებით იაფია. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ინიციატივა ქალაქს მომგებიან სიტუაციაში აყენებს,” - დასძინა სირინ სტავმა.

გარემოსდაცვითი ჯგუფები ელექტროავტობუსების დანერგვას მიესალმებიან, მაგრამ დედაქალაქის მერიისგან ასევე გამჭვირვალე ინფორმაციას ითხოვენ იმ ემისიების შესახებ, რომლებიც მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების წარმოებასთანაა დაკავშირებული.

ბოლო წლებში მსოფლიოს დიდი ქალაქები აქტიურად ცდილობდნენ ჰაერის დაბინძურების შემცირებას, თუმცა მათ რიგებში ოსლო მაინც წამყვან პოზიციას იკავებს. სკანდინავიური ქვეყანა ელექტრიფიკაციისკენ დიდ ნაბიჯებს დგამს: 2021 წელს ელექტრომობილებმა ნორვეგიის ავტოგაყიდვების ⅔ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე მაღალი წილით გამოირჩევა.