მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა BSCEE-ის ჯგუფის ფორუმზე მომხსენებლად იყო მიწვეული

5f9bf662ea554
BM.GE
30.10.20 14:05
897
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის შეხვედრაზე, ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

როგორც bm.ge-ის სებიდან აცნობეს, ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა "COVID-19-ის გამოწვევები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები" იყო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ონლაინ დისკუსიის ფორმატი ხელს უწყობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის წევრებს შორის COVID-19-ის გამოწვევებსა და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ახალმა კორონავირუსმა ფინანსურ სექტორზე და რა ზომები გაატარა ეროვნულმა ბანკმა ამ გამოწვევების საპასუხოდ:

"სწორედ წინა წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, როგორებიცაა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების გაზრდა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დანერგვა და საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და შოკის მიტიგაციისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები ჰქონდა დაგროვებული. თუმცა, პანდემიის გავრცელებამ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. პირველ რიგში, საბანკო სექტორის სიჯანსაღის მიუხედავად, არსებული შოკის დონე საკმაოდ მაღალია. საწყის თვეებში ბაზარზე გაურკვევლობის მნიშვნელოვან ზრდას შეიძლებოდა ხელი შეეშალა ფინანსური შუამავლობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის და დამატებით გაეძლიერებინა შოკი. გარდა ამისა, მაღალი იყო საოპერაციო რისკი. ამ გამოწვევების საპასუხოდ და რეალური ეკონომიკის დაკრედიტების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ბანკებს კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკრედიტო დანაკარგების უფრო ადვილად განეიტრალება სწორედ ამ ბუფერების გამოყენებით შეძლეს. დამატებით, მეტი მოქნილობა გაჩნდა ლიკვიდობის მართვაში და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ჯერ არ დასრულება, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დროულად განხორცილებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი შეძლებს შოკის უარყოფითი ეფექტების მიტიგაციას და - უფრო მეტიც - ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას", - განცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფი 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.