მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკრიზისული გეგმის მთლიანი ფისკალური ეფექტი 7 მლრდ ლარია - მთავრობის ანგარიში

60be09df6f4ba
ინგა მურუსიძე
07.06.21 15:55
685
2020-2021 წლებში საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენა გადასახადებზე და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მთლიანი ფისკალური ეფექტი 7 მლრდ ლარს აღწევს, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში წერია, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა და 2020 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის შენელებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოსავლების დანაკლისი აღწევს 1.9 მლრდ ლარს, ხოლო ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტი 0.6 მლრდ ლარს.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მოქალაქეთა სოციალური დახმარების ნაწილზე 1.3 მლრდ ლარი მიიმართება, ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებსა და კარანტინის ორგანიზებაზე 0.9 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 2.2 მლრდ ლარი, ჯამურად ბიუჯეტზე ეფექტი კი 4.4 მლრდ ლარს აღწევს.

ამასთან, ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ანგარიშში საუბარია საერთაშორისო დონორების მიერ COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე.

„საქართველოს მთავრობის მიერ შეთანხმება იქნა მიღწეული 1.83 მლრდ ევროზე (2.2 მლრდ აშშ დოლარი) მეტი რესურსის გამოყოფის თაობაზე.

უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებების მთლიანი რესურსი შეადგენს 1.73 მლრდ ევროს (2.07 მლრდ აშშ დოლარი), საიდანაც 1.57 მლრდ ევრო (1.88 მლრდ დოლარი) არის პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ სპეციალურად და დამატებით მოზიდული თანხა. აღნიშნული რესურსიდან, მიმდინარე მდგომარეობით, უკვე ჩამორიცხულია 1.44 მლრდ ევრო (1.73 მლრდ აშშ დოლარი) ძირითადად საბიუჯეტო დახმარების ტიპის სესხების სახით, რაც გულისხმობს, რომ ჩამორიცხული რესურსი მიიმართა სწორედ ბიუჯეტის COVID-19 თან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმისა და პანდემიიდან გამომდინარე წარმოქმნილი სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის მთავრობა ვრცლად საუბრობს დახმარებების იმ პაკეტებზე, რაც მოსახლეობას გაეწია, ესენია: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება; დასაქმებულთა დახმარების პაკეტი და თვითდასაქმებულების დახმარება; 2020 წელს 18 წლამდე ბავშვების დახმარება.

„პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შესამსუბუქებლად, ბიზნესის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის, დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობა ატარებს მნიშვნელოვან მხარდამჭერ ღონისძიებებს. ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განსაზღვრა მოხდა მიზნობრივად“, - წერია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ Covid-19 პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად გადაიხედა არსებული საგადასახადო შეღავათების სისტემა და შემოღებულ იქნა რიგი დამატებითი შეღავათები საშემოსავლო, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილში.

ანგარიშში ჩამოთვლილია Covid-19 პანდემიის შედეგების საპასუხოდ შექმნილი პროგრამები: „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“; „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის; საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის (IATA) აკრედიტაციის მქონე კომპანიებისა და გენერალური გაყიდვების აგენტი კომპანიების მხარდასაჭერი პროგრამა;

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-დან 9.3%-მდე გაიზარდა და ნომინალურ გამოხატულებაში 4.6 მლრდ ლარს მიაღწია. 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.6%-ით განისაზღვრა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში კვლავ აჭარბებს 4 მლრდ ლარს.

2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 60.0%. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 60.8%-ს შეადგენს. 2021 წლის მარტის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 58.0% შეადგინა. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 58.8%-ს შეადგენს.

2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მიმდინარე ხარჯები კვლავ შედარებით მაღალია და 25%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული, რაშიც გათვალისწინებულია COVD-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ხარჯები, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტი, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსირება, რაც 2021 წლიდან ასაკით პენსიონერთა სახელმწიფო პენსიის ავტომატურ ზრდას გულისხმობს, ინფლაციისა და რეალური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - წერია ანგარიშში.