მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სი ძინპინს დღეს მოსკოვში ელიან

6418173e6423b
მარიამ ვარადაშვილი
20.03.23 12:23
595
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი მოსკოვში ჩავა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტი იქნება.

ამასთან, ეს იქნება ჩინეთის მცდელობა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის, რომ მიმდინარე ომში სამშვიდობო მისია შეასრულოს. ამას გარდა, სი ძინპინი პირველი ლიდერი იქნება, რომელიც ვლადიმერ პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის შემდეგ შეხვდება.

როგორც Reuters წერს, რუსეთში მხარდაჭერის ძლიერ გამოხატულებად მიაჩნიათ მისი ვიზიტი, რადგან რუსეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მესამედ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ სი ძინპინი ჩავა. “ამით ძლიერი მეგობარი აჩვენებს, რომ რუსეთის გვერდით დგას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ აცხადებს, რომ დასავლეთი მის იზოლაციას ცდილობს”.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე განიხილავენ ჩინეთის მიერ მომზადებულ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმასაც. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ შედგება, როცა რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს. გასულ კვირას WSJ-მ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სი ძინპინი ზელენსკისთან საუბარს გეგმავს, რომელიც მოსკოვის ვიზიტის შემდეგ უნდა შედგეს. ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან ეს ზელენსკის პირველი საუბარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის და ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც.