მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერს უნდა ეკონომიკის გახსნა, მაგრამ რისკს ვერ სწევს... კოალიციური ინტელექტი გვჭირდება“

601901834d40d
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 22:28
1313
დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრ გახარიას უნდა გახსნას ეკონომიკა, მაგრამ რისკს ვერ სწევს, - ამის შესახებ "TV პირველის" ეთერში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა და განმარტა, რომ ამის საშუალებას მას მმართველობის ერთპარტიულობა არ აძლევს.

ბიზნესმენი თვლის, რომ არსებული მდგომარეობის სამართავად და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად უნდა შეიქმნას კოალიციური ინტელექტი, სადაც განმასხვავებელი ნიშანი პარტიულობა არ იქნება.

„ერთპარტიულ მმართველობაში რისკის გაწევა ძალიან რთულია, თუ არ გადანაწილდა რისკები სხვადასხვა კოალიციურ მთავრობაში კი არა, მე უფრო კოალიციურ ინტელექტს ვეძახი, ანუ ინტელექტუალური ხალხი რომ იყოს კოალიციაში და ქმნიდეს საერთო პროგრამებს, იყოს დისკუსია, ამ შემთხვევაში რისკის გაწევა გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ შენ როდესაც იცავ შენს პარტიულ ინტერესებს და მომავალი არჩევნებისთვის ემზადები, რისკის გაწევა ძალიან რთულია. ბუნებრივია, რომ ეპიდემიოლოგების გავლენის ქვეშ ექცევი და ესეც სწორია იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ასე მუშაობს. როდესაც საუბარია ვირუსის გავრცელებაზე და შენც შეიძლება გამავრცელებლად ჩაგთვალონ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ხელისუფლებას რაც აზარალებს ეს ნაკლებად საინტერესოა, საქართველოს არ უნდა აზარალებდეს. რისკი ვერ გაუწევიათ. საქართველოში ისეთი ინტელექტუალური ძალა არსებობს - მეცნიერების, ბიზნესმენების, ემიგრანტების, რომლებიც არაჩვეულებრივად ერკვევიან დღევანდელ საკითხებში. შეგვიძლია მოვიწვიოთ ისინი ონლაინ რეჟიმში, დღევანდელი ეკონომიკა გვაძლევს ამის საშუალებას. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ქვეყნის განვითარებაზე, აქ ყოველგვარი პარტიულობა გვერდზე უნდა გადაიდოს“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

ის თვლის, რომ საქართველოში არაფერი იცვლება და ამაში საზოგადოებაც არის დამნაშავე.

„საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ეკონომიკისთვის მტკივნეული იქნება. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ეს რეფორმები ვერ გატარდება. ქვეყანა ღარიბია, არ შეიძლება რომ ძალიან მდიდარი იყოს, მაგრამ შეძლებული ნამდვილად შეიძლება რომ იყოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. როდესაც თავს არქმევ მმართველ ძალას, შენი ვალდებულებაა, რომ კონფრონტაცია არ იყოს, ვალდებულებაა რომ ეკონომიკური კრიზისი არ იყოს, ამის გადაბრალება რომ ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, არ შემოვიდა - ეს არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს შიდა პარტიული ბრძოლები, თანამდებობები და გამარჯვებები. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების საშუალება, ნორმალური კანონები და სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ჭყონიამ.