02.აგვისტო .2016 15:10

PMCG: С ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით, წლის პირველ ნახევარში, იმპორტი 7%-თ შემცირდა

views 2851
უკან

2016 წლის პირველ ნახევარში, საქონლის რეგისტრირებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 22.2%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5705.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ამ პერიოდში, გაზრდილია იმპორტი (30.0%), თუმცა შემცირებულია ექსპორტი (-5.7%). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა უარყოფითი სავაჭრო სალდოც (43.4%).

PMCG-ის კვლევის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს C ჰეპატიტის მედიკამენტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ირლანდიისგან და კანადისგან საჩუქრად გადაეცა, რამაც შეადგინა 1 486 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, თუ ამას არ გავითვალისწინებთ აღნიშნულ პერიოდში, იმპორტის მოცულობა 3 270.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 7.0%-ით ჩამოუვარდება 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მაჩვენებელს. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 332.1 მლნ. აშშ დოლარით (12.5%-ით) არის შემცირებული.

2016 წლის პირველ ორ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: ფეროშენადნობები (-32.6%), მსუბუქი ავტომობილები (-24.5%), სამკურნალო საშუალებები (-24.4%), აზოტოვანი სასუქები (-16.5%), მინერალური წყლები(-10.7%) და თხილი (-5.5%).

"ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირება ძირითადად უკავშირდება საქართველოს საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვან ცვლილებას. ბრაზილიასა და უკრაინაში, რომლებიც 2015 წლის პირველი ნახევრის მდოგმარეობით წარმოადგენდნენ ფეროშენადნობების უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს (ფეროშენადრობების მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 19%), 2016 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი არ დაფიქსირებულა.

საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვან ცვლილებას უკავშირდება აგრეთვე მსუბუქი ავტომობილების რე-ექსპორტის შემცირებაც, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში, მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო (ავტომობილების მთლიანი ექსპორტის 45%), თუმცა 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარებით, აზერბაიჯანის წილი შემცირდა 11%-მდე, რაც სავარაუდოდ აზერბაიჯანში მიღებული ევრო-4* რეგულაციისა და შენელებული ეკონომიკური ზრდის შედეგია.

სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა შემცირდა ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სპილენძის მადნებისა (14%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (16%) ექსპორტი.

2016 წლის პირველ ორ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით ირლადიისგან და კანადისგან საჩუქრად მიღებულ С ჰეპატიტის მედიკამენტებს, იმპორტის მოცულობა შემცირებულია უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ყველა ჯგუფში, გარდა სპილენძის მადნებისა.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა (-20.2%) უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი ქვეყნებიდან (რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქმენეთი და საბერძნეთი) ნავთობის იმპორტის შემცირების გამო. უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი (141.3%).

მსუბუქი ავტომობილების მთავარ იმპორტიორ ქვეყნად კვლავ რჩება იაპონია (მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 29%), თუმცა მნიშვნელოვნადაა შემცირებული იაპონიიდან ავტომობილების იმპორტის მოცულობა (-48%). საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსეთიდან (დაახლოებით 2 ჯერ).

თუ გამოვრიცხავთ С ჰეპატიტის საჩუქრად მიღებულ მედიკამნეტებს ირლანდიისგან და კანადისგან*, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ თურქეთია (მთლიანი იმპორტის 21.7%). 2016 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა ჯამში 17%-ით გაიზარდა, შედეგად რუსეთი გახდა მეორე უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა, მაშინ როცა წინა წლის შესაბამის პერიოდში რუსეთი მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებდა, თურქეთის, ჩინეთისა და აზერბაიჯანი შემდეგ.

2016 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვნადაა შემცირებულია იმპორტი უკრაინიდან (-25%), აზერბაიჯანიდან (-19.3%) და ჩინეთიდან (-17.7%). უკრაინიდან ძირითადად შემოდის თამბაქოს პროდუქტები და წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ამ უკანასკნელის მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (-22.2%).

ჩინეთიდან იმპორტის მოცულობის შემცირება ძირითადად უკავშირდება კომპიუტერების იმპორტის შემცირებას (-22.9%), ხოლო აზერბაიჯანიდან უმეტესად შემცირებულია ნავთობპროდუქტების იმპორტი (-47.5%)", - განმარტავენ PMCG-ში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა