მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMCG საბაზისო სცენარით წელს 18.3%-იან უმუშევრობის დონეს ელის

6040d5514bf3d
ელენე გოგბერაშვილი
05.03.21 10:10
756
PMCG კვლევითი ცენტრი 2021 წელს დასაქმების მაჩვენებლების შესახებ პროგნოზებს აქვეყნებს.

2021 წლის სავარაუდო სცენარების საფუძველზე, ორგანიზაციამ გააანალიზა მშპ სექტორალურ ჭრილში და თითოეული სექტორისთვის პროგნოზები 2019 წლის მაჩვენებელს შეადარა.

"აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე სექტორმა მოახერხა 2020 წელს ტრენდთან შედარებით ოდნავ მაღალი ზრდის ტემპი დაეფიქსირებინა. მათ შორისაა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და სახელმწიფო ადმინისტრაცია. ყველა სხვა სექტორში ან მნიშვნელოვანი ვარდნა, ან ტენდენციასთან შედარებით უარესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

განთავსებისა და კვების ობიექტების სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს მისი მშპ დაეცა 2019 წლის დონის 64%-მდე. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, სექტორი 2021 წელს თავისი 2019 წლის დონის 82%-ს დაიბრუნებს, ხოლო პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნება 75% და 89%, შესაბამისად"-ნათქვამია ანგარიშში.

საბითუმო და საცალო ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საქართველოს ეკონომიკის ორი ყველაზე მასშტაბური სექტორია, რომლებმაც 2019 წელს მთლიანი მშპ-ის 24% შეადგინეს. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ვაჭრობის აღდგენა მოსალოდნელია სამივე სცენარში - 2020 წელს დაფიქსირებული 93%–დან (2019-ის დონესთან შედარებით) 96%–მდე საბაზისო სცენარის შემთხვევაში. თუმცა, სექტორი ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი (98%).

"რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, სექტორი შედარებით ნაკლებად შემცირდა 2020 წელს (მხოლოდ 2%-ით შემცირება 2019 წელთან შედარებით), რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სექტორის მხარდასაჭერად შექმნილმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დასრულდა. სავარაუდოა, რომ პროგრამის გამო, 2021 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ნაწილმა 2020 წელში გადაინაცვლა, რის შედეგადაც ველით, რომ საბაზისო და პესიმისტურ სცენარებში, უძრავი ქონების სექტორის მშპ 2021 წელს კვლავ შემცირდება და გაუტოლდება 2019 წლის დონის 97%-ს და 96%-ს, შესაბამისად, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში სექტორი შეინარჩუნებს 2020 წლის დონეს.

საქსტატის მიერ დასაქმების მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1.242 მილიონი შეადგინა, რაც 54,000-ით (ანუ 4.2%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. 2021 წლისთვის, პესიმისტური სცენარით პროგნოზირებულია, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5.7%-ით დაბალი მაჩვენებელი (1.223 მილიონი ადამიანი), საბაზისო სცენარით დასაქმებულთა რაოდენობა 3,2%-ით ნაკლები იქნება 2019 წელთან შედარებით (1.254 მილიონი ადამიანი), ხოლო ოპტიმისტური სცენარით 1.2%-ით ნაკლები (1.281 მილიონი ადამიანი).

რაც შეეხება 2020 წლის უმუშევრობის დონეს, მან 2020 წლის მეოთხე კვარტალში 20,4%-ს მიაღწია, ხოლო მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 18.5% შეადგინა, რაც 0,9 პროცენტული პუნქტით მეტია ვიდრე 2019 წლის მაჩვენებელი. 2021 წლისთვის პესიმისტური სცენარით მოსალოდნელია უმუშევრობის მაჩვენებლის 18.8%-მდე გაზრდა, საბაზისო სცენარისთვის მოსალოდნელია უმუშევრობის დონის 18.3%-იანი მაჩვენებელი, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში - 17.9%. აღსანიშნავია, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებშიც კი, უმუშევრობის დონე 2019 წლის მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

მაშინაც კი, თუ მოვლენები ოპტიმისტური სცენარით განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს სრულად ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ დონეს. პოტენციური უარყოფითი რისკების გათვალისწინებით, ეს სცენარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა სამი განხილული სცენარიდან, ამრიგად, 2021 წელი, სავარაუდოდ, არაორდინარული ეკონომიკური აღდგენის წელი არ იქნება. ამის ნაცვლად, წელს საქართველო უნდა ფოკუსირდეს ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე, მოწყვლადი ოჯახებისა და ბიზნესების მხარდაჭერასა და რაც მთავარია, მომდევნო წლებში ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ტრანსფორმაციისთვის საფუძვლის მომზადებაზე"-წერს PMCG .