მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული ავიაკომპანიების სახით, ბაზრის დაახლოებით 10% დავკარგეთ - ექსპერტი

6262921ce3c5f
მარიამ ვარადაშვილი
22.04.22 17:00
1033
ავიაციის ექსპერტ იგორ აფციაურის შეფასებით, უკრაინული ავიაკომპანიების სახით, საქართველომ, დროებით, ბაზრის თითქმის 10% დაკარგა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჯამში სამი უკრაინული ავიაკომპანია ოპერირებდა, მათ შორის - ორი ბიუჯეტური. 2021 წლის მონაცემებით, SkyUp Airlines-ის წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 8.1% იყო, უკრაინის ავიახაზების (FlyUIA) - 2.7%, ხოლო Bees Airline-ის - 2.7%. ჯამში, სამივე კომპანია გასულ წელს 321 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 

“ომის გამო საქართველომ უკრაინის სახით დიდი ბაზარი დაკარგა, რა თქმა უნდა, დროებით. პანდემიის პერიოდშიც უკრაინული ავიაკომპანიები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ფრენები განაახლეს. ამ ავიაკომპანიების ოპერირება ვიზიტორებზეც აისახებოდა, ავიაკომპანიების რაოდენობაზე და საჰაერო სივრცის გამოყენებაზეც, ამიტომ ჩვენი საავიაციო ბაზრის დაახლოებით 10% დავკარგეთ.

ვიცი, რომ ზაფხულის სეზონზე ეს კომპანიები სამივე აეროპორტში სიხშირეების ზრდას გეგმავდნენ; ბუნებრივია, ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ რა თქმა უნდა, დროებითი და ვიმედოვნებ, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და უკრაინიდან კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია, მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში.

აღსანიშნია, რომ მხოლოდ შემოყვანილი მგზავრების მიმართულებით არ არის დანაკარგი - საქართველოსთვისაც უკრაინა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა იყო, რადგან ჩვენი ბევრი მოქალაქე დაფრინავდა კიევის გავლით აშშ-ში და ევროპის ქვეყნებშიც კი; ასე რომ, ეს ბაზარი დიდი დანაკარგია”, - აცხადებს იგორ აფციაური.