მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიეთილენის პარკების გამოყენების გამოსავლენად 1600 ობიექტი შემოწმდა - მინისტრის მოადგილე

5f55f62b80fa3
ელენე გოგბერაშვილი
07.09.20 14:24
1081
2020 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ პოლიეთილენის პარკების გამოყენების გამოვლენის მიზნით 1600 ობიექტი 146 ფიზიკური პირი შეამოწმა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი bm.ge-ისთან აცხადებს, შესაძლებელია, რეგიონებში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება დროულად ვერ განხორციელდეს როგორც დედაქალაქში, თუმცა ამ ნაწილშიც პოზიტიური შედეგები არსებობს. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ამ მექანიზმის ამუშავება გაჭირდა, რადგან ქვეყანაში სხვა პრიორიტეტები არსებობდა, თუმცა პროცესი გააქტიურდება.

„ხშირად ისმოდა, რომ ქალაქის მერია არ ამოწმებს ობიექტებსო. 1600 ობიექტია შემოწმებული 2020 წლიდან, მათ შორის 146 ფიზიკური პირი. იმპორტს აკონტროლებს საბაჟო, მწარმოებლებს ვაკონტროლებთ ჩვენ და ქსელებს - მუნიციპალიტეტები. შეიძლება, როგორც გააკეთებს თბილისი, ისე ვერ გააკეთოს ჩხოროწყუმ და ლაგოდეხმა, მაგრამ საბოლოოდ ეს დაიხვეწება. აქაც მივდივართ წინ, პოზიტიური შედეგები გვაქვს.

რეგიონების 70%-ში პირადად ვიყავი ჩასული, პანდემიაც რომ დაემატა, ძალიან გაჭირდა ამის ამუშავება. ისეთმა გამოწვევებმა წამოიწია, რომ პლასტიკის პარკებისთვის აღარ გვეცალა, მაგრამ პროცესი დაწყებულია და საქმეს მივიყვანთ ბოლომდე”, - აცხადებს პავლიაშვილი.

მისი თქმით, პანდემიამ, ასევე, ხელი შეუშალა სპეციალიზებული ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც პირველი იქნება რეგიონში, სადაც ბიოდეგრადირებადი პარკის შემცველობის დადგენა იქნება შესაძლებელი.

პავლიაშვილი ამბობს, რომ ლაბოტარიის შექმნა მილიონ 500 ათას ევროს საჭიროებს, თუმცა მთავრობა ცდილობს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეძენა დონორების დახმარებით მოხერხდეს.

პოლიეთილენის პარკების გამოყენება ოფიციალურად 2019 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ გამოიყენება. ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, პოლიეთილენის შემცველობაზე პარკების შემოწმება მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია შესაძლებელი.

ცნობისთვის: bm.ge შესაბამისის უწყებებიდან გამოითხოვს, შემოწმებული ობიექტებიდან რამდენი დააჯარიმეს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.