მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური არასტაბილურობა, ეპიდსიტუაცია - რატომ უფასურდება ლარი?

5fa2c7a891d42
სალომე მეცხვარიშვილი
04.11.20 19:40
1136
ბოლო 2 დღეში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარი 3 ლარი და 34 თეთრი ღირს. ლარი გაუფასურებულია ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევროს ღირებულება 3.90 ლარია.

ISET-ის კვლევითი ცენტრის ეკონომისტის დავით კეშელავას აზრით, ფუნდამენტურ ფაქტორებზე მეტად დღეს ლარის კურსზე გავლენას ნეგატიური მოლოდინები ახდენს - განსაკუთრებით კი დაძაბული და ქაოტური პოლიტიკური გარემო და კოვიდინფიცირებულების მზარდი სტატისტიკა.

“რაღაც პერიოდის განმავლობაში ლარი შედარებით სტაბილური იყო და არჩევნების შემდეგ დაიწყო განსაკუთრებით გაუფასურება, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსის მერყეობის მთავარი ფაქტორი არის პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც არჩევნებს მოჰყვა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს წნეხი ლარზე - ამ ფაქტორებს შორისაა პანდემია და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობები. მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია დამძიმდა ქვეყანაში, რაც განუჭვრეტელს ხდის მომავალს როგორც - ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური კუთხით.

კიდევ ერთი ფაქტორი ლარის გაუფასურებაში შეიძლება იყოს თურქული ლირა, რომელიც რეკორდულადაა გაუფასურებული; და რადგან თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, იქ მიმდინარე მოვლენები  ჩვენთან ეკონომიკურ სიტუაციაზეც ახდენს გავლენას”,- აცხადებს ეკონომისტი.

მისივე შეფასებით, წინა თვეებში ლარის კურსის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას განაპირობებდა იმპორტის შემცირება, რომელიც თავის მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობით და დაბალი მსყიდველუნარიანობით იყო განპირობებული.