მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური ნაბიჯი თუ საქმე? - უპასუხო კითხვები წამლებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნაზე

61e81e08f337d
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.22 19:26
915
„არავითარი არგუმენტი იმის, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე და ამიტომ მივიღეთ თურქეთს ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება“, - ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული მედიკამენტების იმპორტი დაშვებულია. “ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ 10 ლარი ღირს, თურქეთში 1-2 ლარი ღირს”, - ერთი შეხედვით კონკრეტული მაგალითიც მოიშველია ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებით, დაახლოებით, რამდენ ხანში და რამდენად გაიაფდება, თუნდაც ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტები ამ და სხვა მთავარ კითხვებზე პასუხი ვერც მისგან და ვერც ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან - ზურაბ აზარაშვილისგან მივიღეთ.

ჯერჯერობით, პასუხის გარეშეა კითხვები - ვის შემოაქვს მედიკამენტები თურქეთიდან - იმპორტიორებს თუ სახელმწიფოს თუ ორივეს ერთად და ასევე, რაში მდგომარეობდა მოლაპარაკება თურქეთის რესპუბლიკასთან. ყველა უპასუხო კითხვა კი BMG-მ ერთ კითხვაში გააერთიანა და 18 იანვრის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართლ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას დაუსვა - თურქეთის ბაზრის გახსნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო თუ არსებობს კონკრეტული კვლევა და გათვლები, რაზე დაყრდნობითაც გვარწმუნებს მთავრობა, რომ საქართველოში მედიკამენტები „მნიშვნელოვნად გაიაფდება“.

კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი თამარ გაბუნიამაც შეიკავა და განმარტა, რომ ამ საკითხზე თურქულ მხარესთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ამ რეჟიმით ხარისხიანი მედიკამენტები ქვეყანაში რეგულირების ჩარჩოს ფარგლებში მოხვდება. მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგებზე სასაუბროდ გარკვეული პერიოდია საჭირო.

„ხარისხიან მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა. ამ შემთხვევაში თურქეთთან კონსულტაციები რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ის, რაც განხორციელდა, თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანას შეეხება; ამ ტიპის რეჟიმით საქართველოში მედიკამენტების შემოტანას, დაახლოებით, 40-მდე ქვეყანა ექვემდებარება.

თურქეთიდან წამლების შემოტანა ინდივიდუალური რეჟიმით, ფორმა 100-ის საშუალებით ისედაც ხდებოდა. მნიშნელოვანია, რომ ეს ნაკადი სისტემურ ჩარჩოში მოხვდეს და ჩვენ მეტი ბერკეტი გვქონდეს, რათა მარეგულირებელმა შეაფასოს, შეამოწმოს, რეგისტრაციის საშუალება მისცეს და შემდეგ ეს ხარისხიანი და დაბალფასიანი მედიკამენტი ბაზარზე დაუშვას“, - განმარტავს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილე მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნის გათვალისწინებით, საქართველოში თურქეთის მწარმოებლების შემოსვლის პერსპექტივასაც ხედავს, რაც მისი თქმით, კონკურენციის და ხარისხის დამატებით სტიმულებს ქმნის.

„რაც ვფიქრობთ, ჩვენი ბაზრისთვის ძირითადი მიზნის მისაღწევად წამახალისებელი და გამაძლიერებელი იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი დასკვნები გაკეთდეს, მაგრამ ჯერჯერობით, მიზანი ის არის, რომ ხარისხიანი მედიკამენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ფინანსურად, მარტივად შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და მისი კონტროლი - სწორედ ამ ჭრილში აქვს პირველ რიგში, კითხვები საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების ხელმძღვანელს. გარდა ამისა, BMG-სთან ინტერვიუში ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანია მედიკამენტების შემოტანის უწყვეტობის საკითხიც და იმის გააზრება, რატომ არის თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი - ამის უმთავრეს ფაქტორად თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი წარმოებების განვითარებისთვის ამოქმედებული მექანიზმებია, როგორიც არის სუბსიდირება, სავალუტო კურსის გაუფასურების ცვლილების დაფინანსება და ფასნამატის კონტროლი, რაც მეზობელ ქვეყანაში მოსახლეობისთვის მედიკამენტებს აიაფებს.

ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თურქეთის ბაზარზე წამლების ფალსიფიცირების საკითხი ძალიან გააქტიურებულია.

„ის, ვისაც მედიკამენტები ჩანთით შემოჰქონდა, განაგრძობს ჩანთით შემოტანას, თუმცა ამას ოფიციალურად მედიკამენტების იმპორტიც დაემატება. თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შემთხვევაში საქართველო ფალსიფიცირებული წამლების შემოტანის რისკის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა თუ დამატებითი ხარისხის კონტროლის ზომებს შემოვიღებდით, მაგრამ რა დამატებითი ზომები იქნება მიღებული, ამაზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და ველით; თურქული მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არა თურქეთში იმპორტირებული და მათი მთავრობის მიერ სუბსიდირებული მედიკამენტები შემოვიდეს, რომელიც თურქეთში დაბალ ფასად იყიდება, არამედ თურქული მწარმოებლების მიერ წარმოებული წამლების რეალიზება მოხდეს. აღსანიშნია, რომ 2014 წლიდან თურქეთში იმპორტირებული მედიკამენტების ექსპორტი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, იკრძალება.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მედიკამენტების შემოტანისას არის ხარისხი, კონტროლი და უწყვეტობა. როგორც კი რეგულარულობა შეწყდება, დაგვიზარალდება მოსახლეობა. ეს რისკებია და ეს კითხვები ჩნდება. სხვა ქვეყნებიდანაც არის იმპორტი, თუმცა იმ ქვეყნებში ხარისხის კონტროლი მაღალია და ამასთან, თურქეთი ძალიან ახლოს არის ჩვენთან და ამ ქვეყნის მიმართ ძალიან სენსიტიური ვართ“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ირაკლი მარგველაშვილი თვლის, რომ მთავრობის მიერ თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით იქნა მიღებული, თუმცა რამდენად ეფექტიანი იქნება ის, იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლსა და გრძელვადიან პერიოდში გაჩენილ რისკებზეა დამოკიდებული.

„ეს ეხება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრას, თუმცა მთავარია, რამდენად ეფექტიანი იქნება და როგორ მოხდება მისი აღსრულება. ამ გადაწყვეტამ შესაძლოა, გარკვეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, თუმცა მთავარი კითხვაა რამდენი ხნით გააიაფებს მედიკამენტებს და რა მოჰყვება ამას შემდეგ ეტაპზე ანუ ხომ არ მოჰყვება მედიკამენტების დეფიციტი და ასევე, ხომ არ დაკარგავენ საერთაშორისო კომპანიები საქართველოს მიმართ ინტერესს. კომპანია მხოლოდ წამალი არ არის, ეს ცოდნაა, რომელსაც ექიმები საერთაშორისო კომპანიების ხელშეწყობით, კონგრესებზე იღებენ, წამლის იმპორტიორები ამ ცოდნას მათ ვერ მიაწვდიან, მათ მხოლოდ წამლის შემოტანა და გაყიდვა აინტერესებთ“, - უთხრა BM.GE-ის მარგველაშვილმა.