მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური პარტია ავრცელებს სიცრუეს, თითქოს 1 ივლისიდან დენი ძვირდება - სემეკი

60c9f7042e46e
BM.GE
16.06.21 17:03
729
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განცხადებას ავრცელებს. მარეგულირებლის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ 1 ივლისიდან სამომხმარებლო ტარიფები იზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება.  

"ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს.

სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს.

კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 1 ივლისიდან ენერგეტიკული რეფორმების გამო, "თელასისა" და "ენერგო პროს" საქმიანობები იყოფა. ერთმანეთისგან იმიჯნება ელექტროენერგეტიკული ქსელის ფლობის და დენის მიწოდების საქმიანობები. ამის გამო, როგორც "თელასმა" ასევე "ენერგო პრო ჯორჯიამ" დააფუძნეს ახალი კომპანიები: "თელასმა" - "თელმიკო" და "ენერგო პრომ" - "ეპ ჯორჯია მიწოდება", რომლებიც მოქალაქეებს ელექტროენერგიას მიაწვდიან, თუმცა მომხმარებლისთვის დენის ტარიფი არ იცვლება.