მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პონტევედრა - ქალაქი, სადაც ავტომობილები მხოლოდ რამდენიმე რაიონშია დაშვებული

632bee393027b
თათია კაკიაშვილი
24.09.22 22:15
935
ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში პატარა ქალაქი პონტევედრაა, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ფეხით მოსიარულეებს ენიჭებათ. 80 000-იანი მოსახლეობით, პონტევედრას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოლო 20 წელი ქალაქის ხელახალი დიზაინის შექმნაში გაატარა, რათა ხალხისთვის სიარული ადვილი და სასიამოვნო იყოს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში სულ რამდენიმე რაიონია, სადაც ავტომობილებით გადაადგილება დაშვებულია, თუმცა შეზღუდვა მაინც არსებობს - მძღოლს მხოლოდ 10 კ/სთ-ით მოძრაობა შეუძლია. ცვლილებამ შედეგი გამოიღო: ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პონტევედრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფეხით მოსიარულეების დაღუპვის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შედეგად, პონტევედრაში ესპანეთის სხვა რეგიონებიდან მოქალაქეები საცხოვრებლად აქტიურად გადადიან. მიზეზი - უფრო მარტივი ცხოვრებაა, საცობების გარეშე და ავტომობილში გატარებული თითქმის 0 საათით. ქალაქის ხელისუფლებამ იმაზე იზრუნა, რომ თითოეულ მცხოვრებს მაქსიმალურად ახლოს ჰქონდეს სუპერმარკეტი, საავადმყოფო და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო სხვადასხვა დაწესებულება.

პონტევედრას ამგვარად დაპროექტებამ ადგილობრივი ბიზნესიც ააყვავა - ახალი დიზაინის მიღების შემდეგ, ქალაქში 7%-ით მეტი მაღაზია და რესტორანი გაიხსნა. პირველი ზონა, რომელიც პონტევედრაში ქვეითად მოსიარულეებისთვის მოწესრიგდა, ძველი ქალაქი იყო.

ქალაქის საბჭომ ასევე შექმნა „მეტრომინუტო“ - რუკა, რომელიც დიდი ქალაქების მეტროს რუკების მსგავსია, მაგრამ ის ასახავს სიარულის და არა ავტომობილით ან ტრანსპორტით მგზავრობის დროებს. ეს რუკა ქვეითად მოსიარულეებს ქალაქის საინტერესო უბნების და ღირსშესანიშნაობების აღმოჩენაშიც ეხმარება.

პონტევედრაში ასევე დამონტაჟებულია განსხვავებული განათება იმ ადგილებში, სადაც ფეხით მოსიარულეები შეიძლება მანქანებს შეხვდნენ. განათება ადამიანის მოძრაობაზეა ადაპტირებული და დღე-ღამის ბუნებრივი ნათების მიხედვით იცვლება.

ამგვარი ტრანსფორმაციის გამო, ქალაქმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და 2014 წელს ევროპის ყველაზე კომფორტულ საცხოვრებლად დასახელდა.