მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტის ნაცვლად „ქვიშის გორა“ - რატომ ვერ უგვარებს მთავრობა პრობლემას ანაკლიელებს

5fa29bad17290
ინგა მურუსიძე
04.11.20 16:16
1357
უკვე 1 წელზე მეტია, რაც ანაკლიელებს პერიოდულად „მტვრის ქარიშხალი“ აწუხებთ. „არაფერი მჭირს და მტვერმა რატომ უნდა მომკლას?! ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ყოველი ქარის ამოვარდნისას მტვრის ქარიშხალს ვებრძვით. აქ სახლი და სასტუმრო მაქვს, რაც გაგვაჩნდა ფინანსური რესურსი, ამაში ჩავდეთ და ახლა ყველაფერი ნადგურდება. ძალიან ბევრჯერ ვითხოვეთ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია; რაც პორტის მშენებლობა გაჩერდა, მას შემდეგ ასე ვართ. პირველად, მეორედ, მესამედ - როცა ქარი იყო და მთელი მტვერი სახლში შემოიტანა, ხმა არ ამოგვიღია, ნათესავები დაგვეხმარნენ დასუფთავებაში, მაგრამ მერე მაგასაც თავი დავანებეთ; სადაც ვცხოვრობთ, მხოლოდ იქ ვასუფთავებთ; ბავშვები ქარის დროს სხვაგან მიგვყავს. ფაქტია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ნაცვლად ანაკლიელებს „მტვრის გორები“ შეგვრჩა”, - ამბობს bm.ge-ისთან ანაკლიელი ნუგზარ გაბელია, რომელიც იმ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო.

საქმე იმაშია, რომ 2018 წელს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის საპროექტო ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა და მაშინ ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა 110 ჰექტარ მიწაზე გრუნტის გასამყარებლად დაიყარა. ინვესტორის ვალდებულება იყო გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან დაეცვა და ტერიტორია ემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობასა და კონსორციუმს შორის ურთიერთობა დაიძაბა, პორტის მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა და 2020 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით დაპაუზდა. ინვესტორმა კი, მთელი ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნა. სწორედ ამ მიზეზით ხსნის კონსორციუმი იმ ფაქტს, თუ რატომ ვერ აგვარებს „მტვრის გორების“ პრობლემას.

„კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე. უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები”, - ნათქვამია კონსორციუმის მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ბუნებრივია, ანაკლიელებისთვის მთავარია პრობლემის მოგვარება. ადგილობრივი ნუგზარ გაბელია იხსენებს, რომ პანდემიის დაწყებამდე [8 თვის წინ] მათ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია სტუმრობდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ტერიტორიის ე.წ. „დაკონსერვება“ იგეგმებოდა, რაც პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა.

Bm.ge გიორგი შენგელიასაც ესაუბრა. ზუგდიდის მერი ირწმუნება, რომ ანაკლიის მოსახლეობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია აქვს, ნუგზარ გაბელია კი იტყუება, თუმცა ისიც ფაქტია, პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა.

გიორგი შენგელიას მტკიცებით, ამ საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს და პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ, მაგრამ ამ დრომდე არც მოგვარების მექანიზმია მოფიქრებული, არც ვადებია განსაზღვრული და არც საჭირო ბიუჯეტია მოძიებული. „ეს ყველაფერი ჩამოყალიბების სტადიაზეა“, - ამბობს მერი bm.ge-ისთან, თან მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის საზრუნავი იყო და ახლა მთავრობის თავსატეხი გახდა.

„უახლოეს მომავალში გამოიძებნება გამოსავალი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. არის რამდენიმე ტექნიკური საშუალება, უბრალოდ, რესურსებთან არის დაკავშირებული. პრობლემა აწუხებს ხალხს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ. პრობლემა საკმაოდ დიდია; როცა ამ მიწის ამოღება განხორციელდა, კომპანიას თავად უნდა ეზრუნა მტვრის პრობლემაზე, თუმცა ახლა ჩვენს თავსატეხად დარჩა. უახლოეს მომავალში გამოსავალს აუცილებლად მოვძებნით“, - აცხადებს გიორგი შენგელია.

ზუგდიდის მერისგან განსხვავებით, პრობლემის მოგვარებაზე დაპირებასაც არ იძლევიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. „საკითხი კომპლექსურია, პრობლემის შესახებ ცნობილია ჩვენთვისაც და ეკონომიკის სამინისტროსთვისაც, რომელთანაც აღნიშნულზე გვქონდა კომუნიკაცია. გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის უწყებას“, - უთხრეს bm.ge-ს გუბერნატორის აპარატში.

რაც შეეხება „შესაბამის უწყებას“ ანუ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ნათია თურნავას უწყებაში საკითხზე პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ინფორმაცია ზუსტდება“.

ტერიტორიის ე.წ. კონსერვაცია არაა ერთადერთი ბუნდოვანი და პრობლემური საკითხი, რომელიც ანაკლიელებს და ანაკლიის პორტს უკავშირდება. მართალია, პანდემია დაემთხვა, მაგრამ კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მომავალზე მხოლოდ ბევრი კითხვის ნიშანი და ზოგადი საუბრებია - მაგალითად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში „საუკუნის პროექტს“ მხოლოდ ერთი წინადადება ეთმობა - „სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა ანაკლიის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას”.