მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტრეტებით გაფორმებული ღვინო - WINE TIES-ის გეგმები

5ef88a7e737c2
ნუცა ბაზლიძე
28.06.20 18:15
2111
ბრენდი "ვაინ თაის", რომელიც ბაზარზე 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა, მომხმარებლებს სპეციალური გაფორმების ღვინოს სთავაზობს. ამ ეტაპზე, სერვისი მოიაზრებს ღვინის ბოთლზე სასურველი ფოტოს მიხედვით შექმნილი პორტრეტული ილუსტრაციის დატანას, რომელზეც დიზაინერები მუშაობენ. პროდუქცია მოიცავს სპეციალურ შესაფუთ ჩანთასაც და ძირითადად, სასაჩუქრე მიმართულებაზეა გათვლილი. ამის შესახებ BM.GE-ს "ვაინ თაისის" დამფუძნებელმა გიორგი აფხაზავამ განუმარტა.

რაც შეეხება უშუალოდ ღვინოს, "ვაინ თაის" თანამშრომლობს ერთ-ერთ მარანთან, საიდანაც კახურ საფერავს იღებს. სამომავლოდ კი პროდუქციისთვის კიდევ 2 სახის ღვინის დამატება მოიაზრება.

ბიზნესს კორონავირუსის ფონი მაშინ შეეხო, როცა "ვაინ თაისს" ოპერირება ახალი დაწყებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბრენდი განაგრძობს ფუნქციონირებას და სერვისისა და პროდუქციის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს.

"რეგულაციების მიხედვით, გარკვეული პერიოდი ვერ ვმუშაობდით. ეს ძალიან მძიმედ დაგვაწვა. საგანგებო მდგომარეობის შემდგომ პერიოდს რაც შეეხება, გაყიდვების მესამედზე ნაკლები ფიქსირდება ოპერირების დაწყების პერიოდთან შედარებით", - განმარტავს გიორგი აფხაზავა.

"ვაინ თაისის" დამფუძნებლის განმარტებით, ბოთლის გაფორმების შექმნას დაახლოებით 2-4 დღე სჭირდება. შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, სოციალური ქსელის საშუალებით (Facebook გვერდი - WINE TIES • ვაინ თაის), მომსახურება კი მიტანის სერვისსაც მოიაზრებს. ამ მხრივ "ვაინ თაის" ჯერჯერობით მხოლოდ თბილისსა და ბათუმში ოპერირებს, თუმცა იგეგმება ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რათა მიტანა უფრო დიდი მასშტაბით იყოს შესაძლებელი.

გეგმებზე საუბრისას, გიორგი აფხაზავამ აღნიშნა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, ღვინის წარმოების მიმართულებაც შეითავსონ. ასევე, მოიაზრება, რომ გარკვეული რაოდენობის ღვინო ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ილუსტრაციებით გაფორმდეს. აღნიშნული მიმართულება სამომავლოდ ექსპორტზეა გათვლილი. პროექტი ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა.

ცნობისთვის: როგორც გავარკვიეთ, გიორგი აფხაზავასთან ერთად "ვაინ თაისის" დამფუძნებელია ლევან ყიფიანი; დაახლოებით 1000 ლარიანი საწყისი ინვესტიცია პირადი სახსრებით განხორციელდა. პროცესში ასევე ჩართულნი არიან კომუნიკაციის მენეჯერი და 3 დიზაინერი. რაც შეეხება ფასს, პროდუქციის ღირებულება გაფორმებისა და შეფუთვის ჩათვლით, 45 ლარს შეადგენს, მიტანის სერვისი კი 5 ლარს მოიცავს, თუმცა როგორც გიორგი აფხაზავა განმარტავს, ფიქსირდება ფასდაკლების შემთხვევებიც და ასევე, ბათუმის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისის შემოღებაც განიხილება.