21.აპრილი .2020 23:12

პორტუგალიაში, უკრაინასა და ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეებს "სპარის" ვაუჩერები გადაეცათ

views 302
უკან

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები განაგრძობენ საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, რომელნიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების შედეგად, რთულ მდგომარეობაში და მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.

ამჯერად, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ „სპარის” ვაუჩერები გადასცა პორტუგალიაში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს, რომელნიც ქვეყანაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებიან. ვაუჩერები გადაეცა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ჩვენს 13 თანამოქალაქესაც საქართველოს საელჩოების მეშვეობით. ასევე, მიმდინარე წლის 21 აპრილს, ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადასცა დონეცკის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. უახლოეს დღეებში ვაუჩერები გადაეცემათ ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულოს დაფარვის რეგიონში (აღმოსავლეთ უკრაინაში) მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას.

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება. “SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება.​