მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოზიტიურ ეკონომიკურ ეფექტზე საუბარი ზედმეტია“ - რა საფრთხეებს შეიცავს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოს საზღვრის კვეთაზე გაზრდილი მოთხოვნა?

6332033b3d45a
ალა ისპირიანი
26.09.22 23:50
672
რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების საცობებია.

რა საფრთხეებს შეიცავს, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთაზე გაზრდილი მოთხოვნა? - ამ თემაზე „საქმის კურსში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს რაიმე პოზიტიურ ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოუტანს. უფრო მეტიც, მისი მოსაზრებით აუცილებელია ქვეყნის შიგნით მიგრაციის პოლიტიკის გაწერა.

„პირველი ნაკადი, რომელმაც რუსეთი დატოვა მეტწილად მაინც ეკონომიკური სანქციების ეფექტის შესარბილებლად მოდიოდა. დღეს ადამიანები ქაოსურად მოდიან, რადგან რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაა გამოცხადებული და არ აქვს სურვილი ჯარში წავიდნენ. ამის გამო, გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული მიგრაციული კრიზისის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამის პირველი ნიშნები უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ჩანს. მაგალითად, ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში ეს ადამიანები კინოთეატრში შეიჭრნენ და იქ დასახლდნენ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხალხი, რომელიც საკუთარი სამშობლოდანაა დევნილი და აქ რაიმე პოზიტიურ ეკონომიკურ ეფექტზე საუბარი ზედმეტია“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

რაც შეეხება საფრთხეს, მისი თქმით მრავალგვარია, ერთ-ერთი კი ისაა, რომ შესაძლოა ეს ადამიანი სახელმწიფოს ტვირთად დააწვეს.

„შეიძლება ამ რაოდენობის ადამიანის შემოსვლა სახელმწიფოს გრძელ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ტვირთად დააწვეს. ასევე აქ ის ხალხი მოდის, რომლებსაც, გააზრებული არა აქვთ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდიდან გამომდინარე, საკმაოდ პრობლემურია. ისინი ვერ აღიქვამენ იმ კონტექსტს, სად ჩამოდიან.

ეს ხალხი საკუთარი ცხოვრების წესით და ეთიკით მოდის, იმ კორუფციული ეთიკით, რომელიც რუსეთშია. მოდიან ქვეყნიდან, რომელიც ავტორიტარულია, სადაც ჯერ კიდევ ბევრ რამეს ორგანიზებულ დამნაშავეობრივი ჯგუფები წყვეტენ. უკვე ამის ნიშნები იგივე საინფორმაციო არხებში ჩანს, რომლითაც ისინი შეტყობინებებს ცვლიან - მაგალითად, სად შეიძლება ვიყიდო მართვის მოწმობა და ა.შ.“, - ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოემზადოს საქართველო აღნიშნული მიგრაციული ნაკადებისთვის? - გობრონიძე პასუხებს, რომ საჭიროა ქვეყნის შიგნით მიგრაციის პოლიტიკა გაიწეროს.

„პირველ რიგში ამ ადამიანების საქართველოში ყოფნის წესისა და პირობების მკაცრი რეგლამენტი გვჭირდება. ყველა ადამიანი თავისი სტატუსით უნდა შემოვიდეს. მეორე, ეს არის იგივე ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული სასწრაფო მოგვარება. მესამე, საქართველოში ზოგადად რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის წესი უნდა დარეგულირდეს. სამართლიანი იქნება თუ სახელმწიფოებს ერთმანეთის მოქალაქეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ექნებათ. ჩვენ ურთულესი სავიზო რეჟიმი გვაქვს რუსეთის ფედერაციაში მოსახვედრად, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი აქვს საქართველოსთან. თუმცა ამ ეტაპზე ეს ვეღარ შეცვლის იმ სურათს რომელიც გვაქვს. ამიტომ საჭიროა ქვეყნის შიგნით გაიწეროს მიგრაციის პოლიტიკა და ის პოლიტიკა თუ რას ვაპირებთ ჩვენ მიგრანტთა ამ ნაკადებთან დაკავშირებით“, - ამბობს იგი.