მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ "აგვისტოს ომის" დროს ლეხ კაჩინკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები გაიხსენა

622bb230d7692
თელარა გელანტია
12.03.22 00:30
3569
“თუ ღმერთმა ინება და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, მაშინ გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ. ეს არის ჩვენი სიდიადე”, - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის სეიმზე სიტყვით გამოვიდა და მტკიცე პარტნიორობისთვის პოლონეთს მადლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ და პოლონეთმა უკვე შექმნეს უკიდურესად ძლიერი ალიანსი, რათა მუდმივად მოიპოვონ თავისუფლება.

„ძმებო და დებო, პოლონელებო! ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე ძალიან ძლიერი ალიანსი შევქმენით. დაე, ეს იყოს არაფორმალური, მაგრამ ესაა ალიანსი, რომელიც წარმოიშვა რეალობისგან და არა სიტყვებიდან ქაღალდზე; ალიანსი, რომელიც აღმოცენდა ჩვენს გულებში არსებული სითბოდან და არა სამიტებზე პოლიტიკოსების გამოსვლებიდან“, - თქვა ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა მეზობელ ქვეყანას იმ უკრაინელების მიღებისთვის, რომლებიც ბოროტებას გაექცნენ და პოლონეთს შეაფარეს თავი.

მისი თქმით, უკრაინის მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია პოლონეთში უცხოდ არ გრძნობენ თავს.

როგორც ukrinform-ი წერს, ვიდეომიმართვისას ვოლოდიმის ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მან თბილისში, 2008 წლის ომის დროს წარმოთქვა: „ჩვენ კარგად ვიცით: დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ, შესაძლოა, ჩემი ქვეყნის - პოლონეთის დროც მოვიდეს“.

„24 თებერვალს უკრაინისთვის დადგა ეს საშინელი „ხვალ“, რაზეც პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ისაუბრა. დღეს კი ვიბრძვით, რომ ასეთი ბოროტი დრო არ დაუდგეს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს. ჩვენ ერთად ვიბრძვით. ჩვენ გვაქვს ძალა. გახსოვდეთ, ჩვენ ერთად 90 მილიონი ვართ! ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ერთად გავაკეთოთ და ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია - ვიყოთ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას ამ უფსკრულიდან, გადაარჩენენ ამ საფრთხისგან და შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად ქცევას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.