მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: დღეს, მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, საზრუნავი არაფერი აქვს

5f0d89a24efdc
ინგა მურუსიძე
14.07.20 14:35
777
4 თვეში რუსთავს ექნება ახალი საწარმო, რომელიც 3000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართლი ტექსტილის“ საწარმოს პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში იხსნება ახალი საწარმო, რომელიც დაასაქმებს 3000 ადამიანს. ეს არის მისასალმებელი. დღეს მთავრობას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა საზრუნავი სხვა არაფერი აქვს, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ადამიანებს შემოსავალი დააკლდათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ 4 თვეში რუსთავში ამოქმედდება ახალი საწარმო, შეიქმნება 3000 ახალი სამუშაო ადგილი და ეს სერიოზული მიღწევაა როგორც ქალაქისთვის, ისე - რეგიონისთვის.

„მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როცა „აჭარა ტექსტილი“ იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალზე დინამიური. მეოთხე საწარმოა დღეს აქ, რომელიც, ფაქტობრივად, ქართული ტექსტილის ავანგარდია და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც კერავს საექსპორტო პროდუქციას. მადლობა კომპანიას და მის პარტნიორებს. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს გამოიყენებენ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები და ნაკრებები. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როცა ნაწარმს აწერია - „ნაწარმოებია საქართველოში“. გავუფრთხილდეთ ბიზნესს და გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება“, - განაცხადა გახარიამ.