24.აპრილი .2020 16:45

პრემიერი ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე: რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის

views 525
უკან

მთავრობის მეთაურმა თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად გამოყოფილ 300 ლარიან დახმარებას არასაკმარისი უწოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არსებული რესურსებით ახსნა.

გიორგი გახარიამ გეგმის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რესურსი რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული და ის ყველაზე ცუდი სცენარის გათვლებს უნდა ემყარებოდეს.

"არ არის საკმარისი და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ობიექტური სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, შეიძლება ასეთი დახმარება დაგვჭირდეს კიდევ. მე დღეს მოვიყვანე მაგალითად და კიდევ გავიმეორებ - კრიზისის პირველი ეტაპი რომ დაიწყო, როდესაც კომუნალური დახმარება განვსაზღვრეთ მოქალაქეებისთვის, ბიზნესს პირველი დახმარება რაც გავუწიეთ ეს იყო ტურისტული სექტორი და ვუთხარით, რომ თქვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაგივადებთ 1 ნოემბრამდე და 50 ნომრამდე სასტუმროებზე სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ს მთავრობა დაგიფინანსებთ-თქო. დღეს ეს უკვე არარელევანტურია, სასაცილოა, არავის ეს არ ეყოფა, მაგრამ იმ გადასახედიდან ეს აქტუალური იყო.

ეს არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის ყველაზე დიდი პრობლემა, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, ამიტომ ეს გაურკვეველი მდგომარეობა ჩვენ გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რომ რესურსი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ყველაზე მძიმე სცენარებისთვის ვიყოთ მზად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, რომ საკმარისი არ არის, არავინ იცის ამ 6 თვის ან 3 თვის გავლის შემდგომ ჩვენ კიდევ რა სახის ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. გაურკველობა არის ყველაზე დიდი რისკის მომტანი და დიდი პრობლემა, ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებელია მთავრობისთვის, იყოს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი და ეფექტური.

ოპოზციას კი შეუძლია მისცეს თავის თავს უფლება იყოს პოპულისტური, ზოგ შემთხვევაში ამპარტავანი და კიდევ სხვანაირი. ვუყურებთ ამას, ზოგჯერ ვბრაზდებით, ზოგჯერ ვიღიმით, ზოგჯერ არ ვაქცევთ ყურადღებას და ზოგჯერ ვითვალისწინებთ", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა