მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა - სრული ტექსტი

5f6e103a592ac
თელარა გელანტია
25.09.20 19:38
1431
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის გამოსვლის სრულ ტექსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო გენერალურო მდივანო,
პატივცემულო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ და გაგიზიაროთ სათქმელი, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში დაუგროვდა ჩვენს ქვეყანას - საქართველოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად. ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება, ისტორიულიც ვუწოდოთ, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი გვაერთიანებს ყველას - დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს - კოვიდ 19-ის პანდემიას.

ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან - მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები.

ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე.

სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ. კოვიდ-19-თან ბრძოლაში პროაქტიული გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პაუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება. ამაყი ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში გაიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს - აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.

რა თქმა უნდა, განსაცდელი არსად წასულა, ვირუსი ისევ გვიტევს, მაგრამ, ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად ვმართოთ და ყველას გავუზიაროთ საქართველოს წარმატებული გამოცდილება.
ამ ახალი გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის - ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე.

სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას.

უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას.

აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.

საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით. ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, - როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს - საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.
აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნების უპრეცედენტოდ მაღალმა რიცხვმა მხარი დაუჭირა საქართველოს და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ადასტურებს მათ უფლებას, ღირსეულად დაბრუნდნენ წინაპრების სახლებში.
კოლეგებო,

ქართველი ერი ძლიერი და თავისუფლების მოყვარულია, საქართველოს ისტორია - უძველესი, ქვეყანა კი - დემოკრატიული და მომავალზე ორიენტირებული. დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ დასავლური ფასეულობების მატარებელი ერი, რომელიც საქართველოს მიწაზე ორგანულად აზავებდა დასავლურ კულტურას და ცივილიზაციას აღმოსავლურთან.

ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, რომლის ჩატარებაც გვიწევს პანდემიის პირობებში, ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრების ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება.

კოლეგებო, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, განვამტკიცოთ ევროპული ინსტიტუტები, განვავითაროთ საუკეთესო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მხარი ავუბათ ევროპას გამოწვევებთან გამკლავებაში.

საქართველო წლებია, მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ჯარისკაცები მედგრად დგანან გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველგან სამაგალითოდ ასრულებენ თავის მოვალეობას. 32 მათგანი დაიღუპა ამ საპატიო და რთული მისიის შესრულებისას.
დღეს ჩვენ ვართ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მონაწილე, რადგან საქართველოს უსაფრთხოება გლობალური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და დაცულობაზე.

კოლეგებო, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და ამ გზაზე შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს. თუმცა, ამჯერად ვცდილობთ, პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გამოვიყვანოთ ქვეყანა. ამის იმედს გვაძლევს ის, რომ საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, მათ შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, სადაც კულტურულ-ენობრივი ბარიერი უბრალოდ არ არსებობს, სადაც გადასახადები მინიმალურია და ბიზნესს ეძლევა ყველანაირი საშუალება, განვითარდეს. ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

დღეს საქართველო უკვე პოზიციონირებს, როგორც მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი - განათლებაში, მედიცინაში, ლოგისტიკაში, ტურიზმსა და ზოგადად, ბიზნესის კეთებაში. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და მივიწევთ წინ. ჩვენ დღეს, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, როგორც პროგრესის, ცოდნისა და კულტურის დამაკავშირებელს ევროპიდან აზიისკენ და პირიქით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დასავლური ფასეულობებით იდგა უძველესი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.

ჩვენი მთავარი ფასეულობა კი არის ხალხი; ხალხი, რომლის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტოლერანტობა - მთავარი დასავლური ფასეულობა.

კოლეგებო, სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა. დღეს, კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო გაეროს ქარტიისადმი ჩვენი ურყევი ერთგულება, რათა უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

აქ არაერთხელ თქმულა, რომ გაერო-ს ყველა სახელმწიფო თანასწორია, პანდემიამ ეს ნათლად გვიჩვენა; გვიჩვენა, რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გავერთიანდეთ, გამოვიყენოთ თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები. სამწუხაროდ, მხოლოდ კოვიდ-19 არ არის საერთაშორისო გამოწვევა, ასეთი კიდევ ბევრია - შეირაღებული კონფლიქტები, სიღარიბე, კლიმატის ცვლილებები, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები, ტერორიზმი და საერთაშორისო კრიმინალი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიდევ ბევრი სხვა.

საქართველოს მრავალათასწლოვანმა ისტორიამ გვასწავლა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ერთობას. ჩვენი ქვეყნის გერბზეც ასე წერია - ძალა ერთობაშია! ამ ერთობით უკვე წლებია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუდგავართ გვერდში, ამ ერთობით შევძელით უხილავი მტრის - კოვიდ-19-ის პირველ ტალღასთან გამკლავება. სწორედ ამ ერთობით უნდა დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია, ვინაიდან ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება.

მხოლოდ ასე შეგვეძლება, პირნათელი ვიყოთ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომლებიც ამ პერიოდს შეაფასებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულს.
ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ძალა და, სიძნელეების მიუხედავად, ეს ურთულესი კრიზისიც განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ. დიდი მადლობა!"