მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: განათლების სისტემური რეფორმა ერთ–ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს ვერ მოგვცემს

5daabf9a68923
BM.GE
19.10.19 11:45
731
"განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არის შემთხვევითი, რომ მან რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, სწორედ პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყო.

"არ არის შემთხვევითი ის, რომ რეგიონებში გასვლას ვიწყებთ შიდა ქართლით, გორით და რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, რომ გორში პირველ შეხვედრას ვიწყებთ პედაგოგებთან და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორთან. ამას თავისი ახსნა აქვს. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გაქვთ გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში, რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ. პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლება არის ქვეყნის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული რეფორმა გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

"ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. მე არ მინდა ზედმეტი სიტყვები ვთქვა იმაზე, რომ ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე - რა თქმა უნდა ეს ასე იქნება. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს. ყოველდღიურ პროგრესს როგორც ჩვენი პედაგოგების, სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის, მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვის არის მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს. აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.