მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ჯარიმების ჩამოწერაზე კრიტიკას "აჟიოტაჟს" უწოდებს და განმარტავს რატომ ჩამოიწერა ისინი

6113c9e0cc69f
BM.GE
11.08.21 16:51
1262
24 ივნისს საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერათ - შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯარიმების ჩამოწერის მიუხედავად, (კომენდანტის მოხსნის შემდეგ) ძალაში მაინც დარჩა რეგულაციების გარკვეული ნაწილი, თუმცა მათ აღსრულებაზე გაურკვევლობა იყო შექმნილი. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებების (ქორწილების, იუბილეების, ქელეხების და სხვა) შეკრებების აკრძალვაზე კონტროლი განახლებულიყო, თუმცა ეს აკრძალვა გასული თვის განმავლობაში ისედაც არსებობდა, მაგრამ შესაბამისად არ კონტროლდებოდა. 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თუ რატომ ჩამოწერა მისმა მთავრობამ ჯარიმები:

„ბოლო დღეების განმავლობაში აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეს იყო სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეიძლება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ. პანდემია, ჩვენ ყველას ხელი შევუწყეთ, ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმარეთ. გამცეს პასუხი ყველა კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც 2020 წელს არ იცოდა ეს წესები და რეგულაციები და დაარღვია, მაგრამ ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ ეს წესები როგორ მოქმედებს და რაოდენ მნიშვნელოვანია, ყველას გთხოვთ, რომ ეს წესები დავიცვათ. მოტივაცია იყო განმარტებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გაიგონ. მოტივაცია იყო ის, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეს 70 მილიონი არ უნდა წავართვათ და ეს ძალიან ბუნებრივი და გონივრული იყო ამ სიტუაციაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.