19.მარტი .2020 22:38

პრემიერი: მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში

views 277
უკან

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო.

„უახლოესი დღეებიდან, საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც აწვდიდა ჩვეულებრივ ცხოვრების დროს სახელმწიფო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითადი მიმართულებებზე, რომელზეც სრულად ხდება კონცენტრირება ამ ვირუსთან ბრძოლაში. მისი თქმით, ეს არის ის სისტემური მიმართულებები, რა მიმართულებითაც წარმატება გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვერბძოლოთ ამ ვირუსს.

„პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა, რომელზეც პასუხისმგებელი არის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე მიმართულება, ეს გახლავთ მარაგების მართვა, სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკის მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ დღეს, სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე როგორც კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სრულად ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ მივაღწევთ შესაბამის შედეგს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები ამ ვირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად ეფექტურად უპასუხებს.