მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მინისტრებთან ერთად კლინიკების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება - გახარიას სიტყვა

5e05fb9f6411b
ინგა მურუსიძე
27.12.19 16:37
2432

ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის და თითქმის 85%-ს აღემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს.

ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა, დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში.  საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის არც - თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას.

„ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე (DRG), სელექტიურ კონტრაქტირებაზე და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.