მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მსოფლიო ბაზარზე გასული ქართული სტარტაპის Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა

609cffa862c59
BM.GE
13.05.21 18:12
912
ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა. გარიგების შედეგად ქართული კომპანიის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pulsar-ის დამფუძნებელთა გუნდს შეხვდა და SpinCar-ის მფლობელსაც გაესაუბრა. 

"შეხვედრაზე Pulsar AI-ის დამფუძნებლებმა ქართული სტარტაპის ისტორიასა და წარმატების გზაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ქართული ინოვაციური პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Pulsar AI-ის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის პრეცენდენტი, რაც Pulsar AI-მა შექმნა, დიდი სტიმული და მოტივაციაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს," - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათმა გუნდა დაამტკიცა, რომ საქართველოში გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული კომპანიის შექმნა შესაძლებელია. 

"ვისაუბრეთ ჩვენს ისტორიაზე, როგორ მოვიდა “პულსარი” დაარსებიდან ამ წარმატებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცედენტი, რაც “პულსარმა” შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატოროა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა. რაღაც მხრივ, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა ის, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია და მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი კარგი გუნდი არსებობს საქართველოში, რომელსაც შეუძლია არა ნაკლები და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი აზრები მოისმინეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.