მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი რომ ამაყობს, რა მაგრები ვართ "ბორჯომი" ვიყიდეთო, სამარცხვინო და სასაცილოა - ბედინეიშვილი

62a76bb1a7afd
ალა ისპირიანი
13.06.22 21:27
10664
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის მოსაზრებით, სახელმწიფო ფინანსურ აქტივებს არ უნდა ფლობდეს. როგორც მან „საქმის კურსში“ სახელმწიფოს მიერ "აიდიეს ბორჯომის" მეწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა, ეკონომიკა მაშინ ძლიერდება, როცა "ეკონომიკის "ძრავი" კერძო სექტორია და არა ბიუროკრატები“.

„არ ვარ მოხიბლული, რომ სახელმწიფო ფლობს მინერალური წყლის აქტივებს. იგივე რკინიგზასაც ეხება და ნავთობის კორპორაციასაც. იმის მაგივრად რომ მსგავსი ფლობა შევამციროთ, პრივატიზაცია გავაკეთოთ და კერძო სექტორს მივცეთ საშუალება ბიზნესში იყოს, სახელმწიფო ახალ აქტივებში შედის.

უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ეს არის პოლიტიკური ქულების მიღების მცდელობა, რადგან ფაქტია, რომ ეს პოპულარული თემაა. ალბათ 10 კაცი რომ გავაჩეროთ ქუჩაში და ვკითხოთ ბორჯომს უნდა ფლობდეს თუ არა სახელმწიფო, სამწუხაროდ, უმრავლესობა გეტყვის, რომ უნდა ფლობდეს, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ბევრი ცუდი რამ შეიძლება იყოს ამის უკან, მაგრამ ყველაზე კარგი ის ვარიანტია, რომ პოპულისტური მიზნებისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი.

ვთქვათ იყო მათი გულუბრყვილო რწმენა იმისა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგია. მე ამაში მათ არ ვეთანხმები, მაგრამ თუ მათ მიაჩნიათ რომ ეს მათთვის კარგი იყო რაღაცის გამო და ჰქონდათ შესაძლებლობა მეტი წილი აეღოთ და არ აიღეს მე მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის. კიდევ კარგი არ ეცადნენ, რომ მეტი [წილი] აეღოთ. მე ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა ფლობდეს ასეთ აქტივებს განსაკუთრებით მინერალურ წყალს.

პრემიერი რომ ამაყობს რა მაგრები ვართ ბორჯომი ვიყიდეთო ეს სამარცხვინო და სასაცილოა, ისევე როგორც პრემიერი, რომ ამაყობს მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

მთავრობის მტკიცებით, „ბორჯომის“ საკითხზე მიღწეული გარიგება საქართველოს პრობლემებს არ შეუქმნის

ცნობისთვის, "აიდიეს ბორჯომს" რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს: ესენია სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და სხვა მცირე აქციონერები, რომლებსაც კომპანიაში მხოლოდ 4%-მდე წილი აქვთ. საქართველოს სახელმწიფოსთვის 7.73%-იანი წილის გადაფორმების შემდეგ წილები შემდეგნაირად იქნება გადანაწილებული: "ალფა ჯგუფი" ანუ “ერასმონი ლიმითედი” იქნება 49.99%-ის მფლობელი, “ბლექ ვოთერს ლიმითედი” ანუ პატარკაციშვილების ოჯახი იქნება 38.48%-იანი წილის მფლობელი და 7.73% - საქართველოს სახელმწიფო. გამოდის, რომ "აიდიეს ბორჯომის" 50.01% ანუ საკონტროლო პაკეტი იქნება არასანქცირებული მესაკუთრეების ხელში, რაც  მხარეებს ბორჯომის გადარჩენის მთავარ ბერკეტად ესახებათ.