01.ოქტომბერი .2019 16:10

პრემიერი: რუსეთთან ფრენების აღდგენას მივესალმები

views 648
უკან

„იქ სადაც გარკვეული პროგრესის მიღწევა და დაძაბულობის მოხსნა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც შეიძლება გაუმჯობესებისკენ იყოს, მაგალითად ფრენების აღდგენა... რასაც მე მივესალმები“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

გახარიას განმარტებით, ასეთ დროს რისკებისგან თავის დაზღვევა უნდა მოხდეს.

„რისკები უნდა ვმართოთ (გულისხმობს სახელმწიფოს), როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს, რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა.

ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, არ მოხდეს მსგავსი ექსესები, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება მის სამართავადაც უნდა ვიყოთ მზად“ - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღგდენის იმედი აქვს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რუსულმა გამოცემა РИА პუტინის პრეს-მდივანზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გამოცემას განუცხადა, ისინი იმედოვნებენ, რომ ავიამიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება.

"ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდა, ბოლომდე არ აკრძალულა. ამიტომ, რა თქმა უნდა, თავის დროზე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება ისეთი პირობები, რომლებიც აუცილებელი და შესაფერისია ფრენების განახლებისთვის", - დასძინა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ პესკოვამდე, ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. სერგეი ლავროვის თქმით, ის "ფრენებს აღაგდენდა".

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.