მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი საქართველოში ვაქცინაციის დაწყების გართულების მიზეზს ხსნის

6038db2a5f062
ინგა მურუსიძე
26.02.21 15:30
1653
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება. ამის შესახებ ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელშიც ის კორონავირუსთან ბრძოლის 1 წელს აფასებს.

„მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ესაუბრა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა მას საქართველოში ვაქცინაციის დასაწყებად მეტად აქტიური მხარდაჭერა სთხოვა.

რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, როდის შემოვა საქართველოში პირველი ვაქცინა. ამირან გამყრელიძემ გუშინ თქვა, რომ კოვაქს-პლატფორმიდან სრული თანხმობა იყო „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა ამან დროში გადაიწია.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ვაქცინას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ელოდება, თუმცა მას იმედი აქვს, რომ „თუ არ გვიმტყუნეს, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას თავად მწარმოებლისგან მიიღებს“.