17.მარტი .2020 23:45

პრემიერი: შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში

views 1530
უკან

ქართული ეკონომიკა დღეის მდგომარეობით საკმაოდ მდგრადია და ჩვენ საკმაოდ მდგრადად მივიღებთ ამ გლობალურ დარტყმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლარის კურსი თითოეული მოქალაქისთვის გამოწვევაა, მაგრამ ეს გლობალური კრიზისის შედეგია.

„ეკონომიკის და ლარის კურსის მიმართულებითაც საკმაოდ კარგად მივდივართ ბოლო განსაკუთრებით 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მოქალაქე, კომპანია, რომელიც ამ კურსის გამო ზიანდება, იმსახურებს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ იყო ის შემოთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ პირველ რიგში მომსახურების სფეროს, ტურიზმს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს, რომელიც ტურისტულ ნაკადებთან იყო დაკავშირებული, რომ მათთვის მეტი ლიკვიდობა დაგვეტოვებინა და ჩვენ ამ ღონისძიებებს გავაგრძელებთ. სამუშაო ადგილები გამოწვევაა და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ვირუსი, მაგრამ გამოვიყენოთ იმდენად დაბალანსებული და ეფექტური მიდგომები, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, მას შემდგომ, რაც ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა სამუშაო ადგილები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

„როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ბანკებს, ტურისტულ კომპანიებს, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნეს და ვუვადებთ საშემოსავლო გადასახადს, ქონების გადასახადს, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში დასაბრუნებელ 600 მილიონს ვაორმაგებთ და ვაბრუნებთ 1,2 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომპანიებს მივცეთ საშუალება, გარკვეული პერიოდი შეინარჩუნონ მდგრადობა, რათა არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ყველგან ეს ვერ გამოვა, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ყველანი, გლობალურად ამ კრიზისს გავუმკლავდებით.

შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში, როგორც კი გლობალურად ამ კრიზისს თავს დავაღწევთ, გაჩაღდება ახალი გლობალური კონკურენცია ეკონომიკებს შორის. ამ გამოწვევის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს, ეს არის ამ გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი და ამიტომ, უპასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული დაპირებების გაცემა. დაპირება უნდა იყოს ერთადერთი, ხელისუფლება არის მზად, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს მინიმიზაცია როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, რომელსაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა