მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობაა, ეს უნდა გამოვიყენოთ

5f54fa9fe5361
თელარა გელანტია
06.09.20 19:04
746
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დაზიანდეს, ეს უნდა გამოვიყენოთ.

ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას და დასძინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე შესაბამისი დავალება მიიღეს.

„მათ მიიღეს დავალება, შემოგვთავაზონ კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი. ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ სხვებთან შედარებით ეპიდემიის გამკვლავების თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ მათ ეს დავალება მიიღეს და შემდეგ სხდომაზე მოვისმენთ, რა შედეგები აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ“, - თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ შედეგები საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს სხდომაზე უნდა წარმოადგინონ.

„მიზანი არის მარტივი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ნელ-ნელა, ფრთხილად, საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს. ვერავინ, ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20-30-40-ით, თუ ჩვენ ვიცით წყარო, ვიცით როგორ ვუმკურნალოთ და ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა პრემიერმა.