მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ხომ ვხვდებით, რომ წელს ტურიზმი არ აღდგება

5f7d8b82227e9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.20 13:45
1407
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბათუმში დაწესებული შეზღდუვები მაშინ მოიხსნება, როდესაც ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები შემცირდება.

პრემიერმა მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობაზე გააკეთა აქცენტი, რაც შეზღუდვების დაწესებითაა გამოწვეული.

„ბათუმის შემთხვევაშიც, როგორც კი დავინახავთ, რომ ეპიდემიოლოგიური რიცხვები ქვემოთ წამოვა, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით, ეს არის ჩვენი ტაქტიკა. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი კვირით გაგრძელებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს და სოციალურ ფონსაც ამძიმებს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში, მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი სრულდება, სოციალური დახმარების საკმაოდ სერიოზული სტრუქტურა და პაკეტი გვქონდა შეთავაზებული, ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა აჭარის მოსახლეობის და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზეც იმსჯელებს.

„ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დასრულდა; საქართველო კი არა მსოფლიოა ამ პრობლემაში. ხომ ვხვდებით, რომ წელს ტურიზმი არ აღდგება და ჩვენ სამსჯელო გვექნება როგორ დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს, ასევე, სამსჯელო გვექნება სამუშაო ადგილები ისეთ სიჩქარით თუ ვერ აღდგა, სოციალურად დაუცველებს როგორ დავეხმაროთ. აჭარასა და ბათუმში თუ უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც ადამიანების და ოჯახების შემოსავლებზე პირდაპირ იმოქმედა, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ“, - განმარტა პრემიერმა.