მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ზელენსკის განცხადებას ეხმაურება - "მისი განცხადებები თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან"

6478b0c96a89b
ალა ისპირიანი
01.06.23 19:10
699
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინა და თავად ქვეყნის პრეზიდენტიც ომშია, ამიტომ ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დაამატა ისიც, რომ ზელენსკის და საქართველოში არსებული დესტრუქციული ოპოზიციის განცხადებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„ძალიან განვიცდი რაც უკრაინაში ხდება. მინდა უკრაინას ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ქვეყანა ომშია, თვითონაც ომში არის და არ მინდა გარკვეული სპეკულირების საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს.

დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, როცა ხშირად ზელენსკი და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, - ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს საქართველომ და სტატუსი მიიღოს", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეშინია და ამიტომ მხოლოდ იმ ქვეყნების ათვისებას გეგმავს, რომლებიც საერთო უსაფრთხოების სივრცის მიღმა არიან. ამის შესახებ მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლისას საქართველო ბელარუსთან ერთად ახსენა და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთისკენ მიდიან, თუმცა სხვადასხვაგვარად.