22.ივნისი .2022 19:20

პრემიერის გამოსვლის "ფაქტჩეკი" - რამდენად წინ ვართ რეიტინგებში?

პრემიერის გამოსვლის "ფაქტჩეკი" - რამდენად წინ ვართ რეიტინგებში?
views 2156
უკან

პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარობაშვილმა რამდენიმე საერთაშორისო ინდექსი ჩამოთვალა და განაცხადა, რომ მათში საქართველო კარგ პოზიციებს იკავებს. BMG-ი გთავაზობთ ამ განცხადების ფაქტჩეკს:

ირაკლი ღარიბაშვილი ინდექსების შესახებ:

„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას და ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წვერ ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ვართ მე-4 ადგილზე.

ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი, შედარებისთვის. ამ მიღწევით, ვინაიდან ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რომ მეკითხებიან, რა გავაკეთეთ ჩვენ და რა მიღწევები აქვს საქართველოს, აი ეს არის კონკრეტული 10 წლის შეჯამება, გამოხატული რეიტინგებით.

„ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის, სინგაპურის, შვეიცარიის და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, რაც ბევრად უფრო წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა“ , - განაცხადა პრემიერმა.

განცხადების სისწორე:

1) მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები - 2021 წლის შედეგები, საქართველოს ქულა 75.48 ქულა, პრემიერის განცხადება სწორია, ინდექსში ვუსწრებთ ნატოს და EU-ს წევრ ქვეყნებს - საბერძნეთს (69.23 ქულა), ხორვატია (68.75 ქულა), იტალია (67.31 ქულა), პოლონეთი (66.35 ქულა). 

2) ღია ბიუჯეტის ინდექსი - 2021 წლის შედეგები, ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო არის #1 ადგილზე და მინიჭებული აქვს 87 ქულა. პრემიერის განცხადება სწორია. 

3) Fraser Institute, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - საქართველო არის #5 ადგილზე, პრემიერის განცხადება არის სწორი. 

4) Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - საქართველო არის 18-ე ადგილზე ევროპაში და 26-ე მსოფლიოში. პრემიერის განცხადება სწორია. 

მაგრამ ამ ინდექსში საქართველოს პოზიცია ბოლო წელში 14 ადგილით გაუარესდა, რადგანაც 2021 წლის ინდექსით 12-ე ადგილზე ვიყავით და 2021 წლის ინდექსით, საქართველო 26-ზე ჩამოვქვეითდა.