მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის მტკიცებით, მთავრობას წელს ვალი არ აუღია, არადა ქვეყანამ 3.5 მლრდ უკვე ისესხა

60fec77655a95
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.21 19:25
3956
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოს მთავრობას მიმდინარე წელს “არც ერთი თეთრის სესხი არ აუღია”. უფრო მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის ხარჯზე ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 1 მლრდ ლარზე მეტით ზრდა შეძლო. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გააკეთა. სხდომის შემდეგ კი, bm.ge შეეცადა, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან დაეზუსტებინა, რა იგულისხმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი 5.27 მილიარდი ლარის საგარეო ვალს ითვალისწინებს, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში ახალი ვალის სახით საქართველომ უკვე 3.53 მილიარდი ლარი ისესხა.

შესაბამისად, ერთ მხარესაა პრემიერის განცხადება, რომ წელს ახალი ვალის მოცულობა 0 ლარია, მეორე მხარეს კი სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ წელს ვალდებულებების ზრდა 3.53 მილიარდ ლარს შეადგენს.

მთავრობის სხდომის შემდეგ, BMG-მ ეკონომიკის მინსისტრს ჰკითხა თუ რას ნიშნავდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რაზეც ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობას წელს ახალი სავალო შეთანხმებები არ გაუფორმებია.

“არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის ფარგლებში გარკვეული თანხები წელსაც ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა მარტივი მიზეზის გამო - პანდემიის გამო ქვეყანამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ვალდებულება აიღო. მთელ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იღებდა ვალს და თუ შევხედავთ, საგარეო ვალის აგრეგირებული მოცულობა საკმაოდ გაიზარდა. იგივე მოხდა საქართველოშიც. ჩვენ ფისკალური ვალდებულებების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ზღვარზე ვართ - მეტს ბიუჯეტი არ და ვერ აიღებს, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არის; როდესაც ქვეყანში 2 მლნ დოზა ვაქცინა გვაქვს და კიდევ ერთი მილიონი დოზა პრაქტიკულად გზაშია, რა საჭიროა, დავამძიმოთ ბიუჯეტი, ჩვენი მოსახლეობა დამატებითი სესხით. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველას, შეგნებულად მიუდგეს ამ საკითხს და ვაქცინაცია ჩაიტაროს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ განცხადების მიუხედავად, ფაქტია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან 483 მილიონი ევროს ახალი საკრედიტო და საგრანტო დაფინანსების შეთანხმება გააფორმა და 10 ივნისს ამ შეთანხმებას ხელი თავად პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ნათია თურნავამ ამ ფაქტზე ასე გვიპასუხა:

“ეს არ ეხება გადაუდებელ საბიუჯეტო პროგრამებს, რომლებიც ჩვენ გასული წლის სესხით დავაფინანსეთ; მაგალითად, პანდემიის გამო გაჩენილი სესხის გამო უნდა აგვეღო დამატებითი სესხი; ეს არის განვითარების გრძელვადიანი შეთანხმებები. ამასთან დაკავშირებით ადრე იყო გაფორმებული მემორანდუმები და იმის ფარგლებში კონკრეტული პროგრამებისთვის დონორები, ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის გვეხმარებიან. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი დონორები გვიფინანსებენ და არ ეხება იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გასულ წელს დაწოლა ბიუჯეტზე სერიოზულად გაიზარდა“, - თქვა ნათია თურნავამ.

2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 32.2 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 54.6%-ია.