06.მაისი .2021 15:38

პრემიერის პროექტის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის პრიორიტეტები განსაზღვრეს

პრემიერის პროექტის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის პრიორიტეტები განსაზღვრეს
views 410
უკან

დღეს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რიგით მეორე სხდომა შედგა კომისიისა, რომელიც პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

მან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მეორე შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასში ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მონაწილეობდა და შეირჩა ლოკაციები, სადაც განახლებული პროექტები უნდა განხორციელდეს.

“მოგეხსენებათ, გუშინ იყო პირველი სხდომა იმერეთის რეგიონში, სადაც ასევე 12 მუნიციპალიტეტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მათ მიერ შერჩეული ლოკაციების განახლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტების მიახლოებითმა ღირებულებამ 60 მლნ ლარი შეადგინა.

დღეს, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდება საპროექტო ღირებულების მიახლოებითი თანხა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი. დახმარება იქნება, როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე ამ პროექტებს განახორციელებს, მუნიციპალიტეტებთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი დანაყოფები.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროექტების განხორციელება დაიწყება უმოკლეს ვადებში. კომისიის მუშაობა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად, რათა მოცული იყოს საქართველოს დარჩენილი რეგიონები და შემდეგ უკვე დაიგეგმოს ამ სამუშაოების განხორციელების ვადები“, - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს.

4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა