04.ოქტომბერი .2022 19:09

პრემიერის თქმით, PPA-ების გაუქმებამ ენერგეტიკაში ინვესტიციები გარკვეულწილად შეაჩერა

პრემიერის თქმით, PPA-ების გაუქმებამ ენერგეტიკაში ინვესტიციები გარკვეულწილად შეაჩერა
views 578
უკან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში გარანტირებული შესყიდვების კონტრაქტების (PPA) გაცემის შეჩერებამ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების ნაკადი შეამცირა. ამის შესახებ პრემიერმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა მრავალთვიანი მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. PPA-ს პროგრამა იყო შეჩერებული. ამან გარკვეულწილად შეაფერხა ინვესტიციების შემოდინება ენერგეტიკის სფეროში და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე გავაჟღერე ეკონომიკურ გუნდში და რაზეც დავიწყეთ ჩემი დავალებით მუშაობა, იყო სწორედ PPA-ს განახლება. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება IMF-თან, მინდა მათ მადლობა ვუთხრა. ვნახეთ, რომ მათ საკმაოდ წარმატებული დაასკვნა დადეს. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, მე საზოგადოებას და ბიზნესს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, ენერგეტიკის განვითარების ხედვას. იცით, რომ ჩემი დავალებით ყველა უწყებას აქვს გაკეთებული 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც ენერგეტიკის მიმართულებით დეტალურადაა გაწერილი, რამდენი მეგავატის რესურსების ჰესების მშენებლობა შეგვიძლია, რამდენი მეგავატი ქარის, მზის სადგურების მშენებლობა და ა.შ. ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი უახლოეს ორ სამ კვირაში, მაქსიმუმ ნოემბრამდე და გვინდა, რომ ეს ახალი პროგრამაც დავიწყოთ ძალიან მალე“, - განაცხადა პრემიერმა.

ენერგეტიკის სექტორის მრავალწლიანი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობა ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებებს აღარ გააფორმებს. ახალი PPA ხელშეკრულებების გაცემა 2017 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე შეწყდა. მაშინ ფონდი მიუთითებდა, რომ ამ ხელშეკრულებებით მთავრობა საკუთარ თავზე დიდ ვალდებულებებს იღებდა და პროექტების განხორციელების შემთხვევაში ბიუჯეტს სოლიდური თანხების გადახდა მოუწევდა. მორატორიუმის შემდეგ ენერგეტიკის სექტორი მთავრობას PPA მოდელის ჩამნაცვლებელი მექანიზმის მიღებისკენ, ან თავად PPA კონტრაქტების გაცემის აღდგენისკენ მოუწოდებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, PPA ხელშეკრულებების აღდგენა არ მოხდება.