მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა

604efc147861b
თელარა გელანტია
15.03.21 10:16
802
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც bm.ge-ის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.
16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.