24.აპრილი .2021 10:31

პრემიერმა „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა

პრემიერმა „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა
views 507
უკან

პრემიერმა „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშრებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ ამისთვის იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიქირავოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც კონტრაქტის პირობებს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში შეისწავლის. ამასთან მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰესის პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგ გადაწყვეტილებები:

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა