მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ეუთოს წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები განიხილა

5d85ee225b974
თელარა გელანტია
21.09.19 13:31
703
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებს, უკანონო ბორდერიზაციას და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დასმული საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.