მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ნავთობკომპანიებთან შეხვედრა დაავალა

628238d2c923a
BM.GE
16.05.22 15:52
1629
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას, პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, თუ ეს მოხერხდება და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ვნახოთ შემდეგ, ვთქვათ შედეგით დასრულდება თქვენი დღევანდელი შეხვედრა,“- აღნიშნა პრემიერმა.

საწვავის ფასზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც კომპანიებს საწვავის სარეალიზაციო ფასის შემცირებისკენ მოუწოდა.

“კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი და აქვს საინტერესო მიგნებები. ეს ჩვენ შაბათს განვიხილეთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე. ეს წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად არსებული საცალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება და ის ეფექტი რაც იყო ზრდის, არ არის თანხვედრაში გაძვირებასთან საერთაშორისო ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში მას ჰქონდა ინერცია და ეს იყო რამდენიმე კვირიანი. მაგრამ ეს არ აისახა წანაცვლებით ტაბლოებზე საწვავის საცალო ფასის ფასები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა ამ შემთხვევაში საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი და რამდენიმე დღე ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, იმისთვის რათა მოკვლების მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით მყარ არგუმენტებს, რაც მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდვე უნდა შემცირდეს. ამ კუთხით ჩვენ დღესვე გვექნება შეხვედრა ერთ ჯგუფთან. რამდენიმე შეხვედრა გვექნება კიდევ კვირის განმავლობაში,”- განაცხადა დავითაშვილმა.

16 მაისის მდგომაროებით, რეგულარის მარკის საწვავი 3.65-3.74 ლარის; პრემიუმი 3.98-3.99 ლარის ფარგლებში; სუპერი კი 4.10-4.13 ლარის ფარგლებში ივაჭრება.