მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა იფიქროს იმ ადამიანებზე, ვინც ტურიზმშია დასაქმებული - CAUCASUS CREW-ის დამფუძნებელი

5f0f1a3930777
თელარა გელანტია
15.07.20 21:22
1187
„გადავაჩინოთ ტურიზმი“ - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი დღეს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

„გადავარჩინოთ ტურიზმი“, „მუშაობა გვინდა“, „აღდგეს რეგულარული და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეისები“, „გაუქმდეს 14-დღიანი კარანტინი „მწვანე ზონის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის“ - ეს ის მოთხოვნებია, რომელმაც გიდები, მიმტანები, ტურისტული კომპანიები, ღვინის მაღაზიები, რესტორნები, მოკლედ, ტურიზმის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელი გააერთიანა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიყვანა, რათა თავიანთი ხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გააგონონ.

ტურისტული კომპანია CAUCASUS CREW-ის დამფუძნებელი ვასილ საღირიშვილი ერთ-ერთი მათგანია. უკვე ერთი წელია უნგრეთში ტურიზმის ფაკულტეტზე მაგისტრატურაზე სწავლობს და მუშაობს. იქ ღვინის ტურიზმმა დააინტერესა და თან უნგრეთიდან საქართველოში ტურისტებს იზიდავს. პანდემიამ როგორც ბევრი სხვა, ისიც სამშობლოში დააბრუნა. გვიყვება, რომ საქართველოს მთავრობის ანონსმა - 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის თაობაზე, დარგში ცრუ მოლოდინი გააჩინა.

პრემიერ-მინისტრის რომ შეგხვედროდათ, რას ეტყოდით? – bm.ge-ის ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი აქვს:

„ვეტყოდი, იფიქროს იმ ადამიანებზე, ვინც ტურიზმშია დასაქმებული. ასიათასობით ოჯახი იღებს შემოსავალს ამ დარგიდან და თუ პრემიერს სურს, ადამიანებში არ დააგროვოს აგრესია და საერთო გაჭირვება, უნდა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები. ეს ადამიანები დღეს ან ხვალ ქუჩაში გამოვლენ და თუ არ სურთ ეს მიიღონ, სასწრაფოდ იმუშაონ მართვად და ორგანიზებულ ტურიზმზე“, - ამბობს CAUCASUS CREW-ის დამფუძნებელი.

მისი თქმით, დღესაც შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავრობა საერთაშორისო ტურიზმის რეალურად გახსნას არ აპირებს.

„ცრუ მოლოდინის შექმნა არც ბიზნესს უხდება და არც - არავის და ეს დაგვემართა ჩვენ. მთავრობის მხრიდან იყო საუბრები იმაზე, რომ 1 ივლისიდან გაიხსნებოდა საზღვრები და საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებდა. ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებსაც შეექმნათ შესაბამისი მოლოდინები და 1 ივლისს ვიღებთ სიტუაციას, რომ ვერ ვიხსნებით. ანუ გამოვიდა, რომ მოვიტყუეთ. თუ დროულად არ აღდგა ავიამიმოსვლა, ბიზნეს-პარტნიორებს ფინანსური ინტერესი აქვთ და შეიძლება, გადაეწყონ სხვა ქვეყნებზე, მაგალითად, აღმოსავლეთის ქვეყნებზე. დღეს თუ რაიმე ზომას მივიღებთ, შედეგს გამოიღებს რამდენიმე თვეში, თუ სამ თვეში მივიღებთ ზომებს, შედეგი ექვს თვეში იქნება, ამიტომ როგორმე ქვეყანაში ორგანიზებული ტურიზმი უნდა შევქმნათ, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ნიშნები დღეს არ ჩანს“, - ამბობს საღირიშვილი.

მისივე თქმით, ყველა ავიაკომპანიას სურს, აღადგინოს ფრენები და დაინტერესება მაღალია, მაგრამ მათთვის კვირაში 1-2 სიხშირე, სავარაუდოდ, მისაღები ვერ იქნება.

„დღესვე რომ გავხსნათ ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრები და დავაბრუნოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც პანდემიამდე ბაზარზე გვყავდა, ბუნებრივია, ხვალვე ტურისტები ძველი ტემპით არ ჩამოფრინდებიან, მაგრამ ნელ-ნელა შეიქმნება ისეთი განწყობა, რომ საქართველო მართლაც „მწვანე ზონაა“. დაინტერესება ძალიან მაღალია WizzAir-ის, Ryanair-ის, Airbaltic-ის, AirFrance-ის თუ Lufthansa-ს მხრიდან. ამ კომპანიებს უნდათ შემოსავალი. მათ უნდათ, რომ იფრინონ. ჩვენ კი ვაძლევთ კვირაში ერთი ან ორი რეისის შესრულების შესაძლებლობას, რაც სასაცილოა. თუნდაც WizzAir-ის მაგალითი რომ ავიღოთ, მის პოლიტიკაში არ შედის კვირაში ერთი რეისი, მათ კვირაში სჭირდებათ 20-30 რეისი, რომ მათ დაბალბიუჯეტიან პოლიტიკას მოერგოს, რასაც ჩვენ არ ვთავაზობთ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ბაზის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა „CAUCASUS CREW-ის დამფუძნებელმა.