მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერს ავუხსენით...“- სამედიცინო ჰოლდინგების დაშლის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგიდან მოიხსნა

61eaa656a676f
ელენე გოგბერაშვილი
21.01.22 17:00
2391
„კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი?! ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს“- ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა გასული წლის ნოემბერში გააკეთა მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის სამწლიანი მონიტორინგის შედეგებს გაეცნო.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს მოუწოდებს, დაწესდეს შემზღუდავი ნორმები ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურასთან მიმართებით. სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე.

პრემიერის გარდა, კომპანიების ჰოლდინგურ მოწყობაში მედიკამენტებზე მოსახლების მაღალი დანახარჯების გამომწვევ მიზეზებს ხედავდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც, თუმცა მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების თემაზე სასაუბროდ პრემიერი კერძო სექტორს შეხვდა, ამის შემდეგ ჰოლდინგური სტრუქტურების დაშლის საკითხზე განცხადებებმაც იკლო. მინიტორინგის საბოლოო ანგარიშის წარდგენის შემდეგ, თავად კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს საკითხი პირველი რიგის რეკომენდაციებში აღარაა.

როგორც ირკვევა, პრემიერი კერძო სექტორმა დაარწმუნა, რომ კომპანიების ჰოლდინგური მოწყობა მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ ახდენს, ამიტომ აღნიშნული რეკომენდაციის აღსრულება პირველი რიგის ამოცანებს შორის აღარ მოხვდა და მეორე ეტაპის რეკომენდაციებს შორის გადაინაცვლა.

ამის შესახებ bm.ge-სთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ნინა კობახიძე საუბრობს, რომელიც თავად ესწრებოდა გასული წლის დეკემბერში პრემიერთან შეხვედრას.

„როცა პრემიერთან ბიზნესის შეხვედრა შედგა რეკომენდაციები გადალაგდა იმის მიხედვით, თუ რა ეფექტს გამოიწვევდა ის. ჰოლდინგური სტრუქტურები არის ბოლო ეტაპზე გადატანილი.

ჩვენ, ბიზნესმოთამაშეებმა ავუხსენით პრემიერს, რომ ეს ფასის შემცირებას არ გამოიწვევს. თან უნდა გავიხსენოთ ისტორია, როგორ მოხდა ეს ჰოლდინგური სტრუქტურები ერთი დამფუძნებლის, ერთი ორგანიზაციების ქვეშ. გახსოვთ 2011 წელს იძულებითი წესით მოხდა კლინიკების შესყიდვა ბიზნეს სუბიექტების მხრიდან. ფასთწარმოქმნაზე ეს [ჰოლდინგების დაშლა] არ იქნება ეფექტური. შეიძლება ვიღაცამ ნათესავის სახელზე გადააფორმოს ეს ბიზნესები და სისტემურად მაინც დარჩეს ერთი პიროვნების/ორგანიზაციის ქვეშ. ეს არის დაკავშირებული ასევე სხვა ტიპის ბიზნეს კონკურენციებთან, მაგალითად საბანკო სექტორის, როცა ამას განახორციელებ სხვასაც უნდა შეეხოს, შესაბამისად, გადავიდა სარეკომენდაციო ხასიათის ნაწილში.

თუ პირველი 10 პუნქტი გავაკეთეთ, უკვე დადგება საკითხი ჰოლდინგებმაც ყველამ ყველასთან იმუშაოს. ევროპაში მაგალითად ყველა ყველასთან მუშაობს, ფარმაცევტულ კომპანიასთან, კლინიკა ვალდებულია ყველა სადაზღვევოს მოემსახუროს, რადგან იქ ბაზარი დიდია, სავალდებულო შინაარსის პროდუქტებია და ა.შ.

ახლა მნიშვნელოვანია, აღსრულება იყოს სწორად“-აცხადებს ნინა კობახიძე.