მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ეკონომიკაში გადახურების რისკები? - კობა გვენეტაძის პასუხი

62c851aecc476
BM.GE
08.07.22 21:00
1630
ხედავს თუ არა ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკაში გადახურების რისკებს? - ამ კითხვას სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ BMG-სთან ინტერვიუში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ უპასუხა. მისი თქმით, ამჟამად ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. როგორც მან აღნიშნა, შექმნილი ვითარება ცვალებადია და განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებთან მიმართებით სხვადასხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ. სებ-ი მონეტარული მიმართულებით სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის უცხოურ ვალუტაში დარეზერვების დონის გაზრდასაც არ გამორიცხავს.

“ჩვენ ვაანალიზებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ამ ინფლაციის უკან არის. ჩვენ ღიად გვაქვს კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გამოშვებული პრესრელიზები ღიად აცნობს საზოგადოებას იმ ანალიზს, რომელსაც ვაკეთებთ. არის ისეთი სიტუაციები (დღევანდელ სიტუაციაში ეს არის მაღალი დოლარიზაცია), როდესაც ჩვეულებრივმა ორთოდოქსულმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შეიძლება ვერ შეასრულოს როლი და აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა ზომის მიღება გახდეს საჭირო. ეს არ იქნება უნიკალური საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ძალიან ბევრი ბანკი აკეთებს ამას, თუმცა იმასთან დაკავშირებით იქნება თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვითარება იქნება”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე BAG-ის ვიცეპრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ ის ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების გაზრდას ეწინააღმდეგება და პირიქით მის შემცირებას უჭერს მხარს.

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.