მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: იმედი მაქვს, პარლამენტი ძალიან ეფექტური და მრავალპარტიული იქნება

5fb8b1e552bbb
თელარა გელანტია
21.11.20 10:19
890
საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი საქმიანი და ძალიან ეფექტური იქნება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ განაცხადა.

„მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა. ხალხმა 9 პარტიას მისცა ხმა და მე მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის სურვილს.

ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელად წარმომიდგენია, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ისე იქნას მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს მის დამტკციებაში და ჩვენ არ ვეცადოთ, რომ ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ კრიზისი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.