მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის განცხადება - სრული ტექსტი

62a8d7d840f4c
BM.GE
14.06.22 22:51
1082
პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა, სადაც რამდენიმე კრიტიკულ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის მმართველი ძალა გააკრიტიკა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. მან ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

BMG პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ: ერთი მხრივ, იტალია, სადაც არაჩვეულებრივი მიღება მქონდა და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი, პირველად 25 წლის შემდეგ, ანუ იმ ქვეყნისგან, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ - 25 მარტს 1957 - რომის ტრაქტატებს, ქვეყანა სადაც დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა საუკუნეების წინ ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე!

მეორე მხრივ, ჩავედი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან - შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით, წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი... „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით, იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში!

ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც ჰქვია „გაფუჭებული საქმე“!

გასული წლის 19 ივლისი ბათუმის ასოცირებულ ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი. იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ, საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას.

გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით:

ევროპარლამენტის რეზოლუციაში - ყველაზე ნათლად იმ ნაწილში გამოჩნდა, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია. რომ, არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას. ოპოზიცია თავის მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა ან პარტიას, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო! უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს ამჟამად.

საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომც და უკვე იყოს დაწესებული რამე ფორმით ეგრეთწოდებული „ირიბად მომუშავე“ სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან.

ამ დანაშაულზე პასუხი, კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, გადაფარვის მცდელობაა ჩემზე გადაბრალება ვითომც მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს.

კანდიდატურის განხილვის საკითხში:

პირველი უნდა ითქვას, რომ ეს აჩქარებული პროცესი, აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არაა, და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის,თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. 3 მარტს კანდიდატურის განაცხადზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება.

კანდიდატურის საკითხში ჩვენი ადგილის უკან დახევა კი ჩვენი (ანუ ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის) ქმედებების - პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რაც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როცა ჩვენ ვიკრიბებოდით პეტრაში, ბათუმში და დეკლარაციას ვღებულობდით - აქეთ ზელენსკი, აქეთ მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი იყო ტრიოს ფორმატში. ამის მერე დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილებები:

პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, კაცი ჩამოვიდა 19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება.

შემდეგ 5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი გადაწყვეტილებები, ქმედითი გადაწყვეტილებების არმიღება.

75 მილიონ ევროიანი ევროკავშირის სესხზე უარის თქმა ისე, რომ "ჩვენ ეს არ გვჭირდება, რაში გვჭირდება".

უარის თქმა გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს.

სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა; ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა

უზენაეს სასამართლოში დაჩქარებული წესით 4 მოსამართლის დანიშვნა, როცა როცა, პირიქით ამის დროებით შეჩერებას გვთხოვდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით.

თუნდაც, გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას კი და ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

დაბოლოს, ახლა, აჩქარებული წესით ასევე მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა.

ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება, რომ ეს ნაბიჯები ისე არის გადადგმული, რომ ჩვენ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით და შეიძლება სხვა რამე გვაინტერესებდეს.

უმოქმედობაც არ დაგვაკლდა ამ ქმედებების გვერდით: არჩევნების მერე და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ მაღალი დონის ვიზიტები, რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი ან კიდევ (დიდი ბრიტანეთი) არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან (არც აშშ-ში და არც კანადაში). ჩვენთან ასევე მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები შესამჩნევად შემცირდა. ესეც ხომ რაღაცის მაჩვენებელი უნდა იყოს და უნდა დავფიქრდეთ.

ამავე დროს ყველას ვეჩხუბეთ და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით: სამივე ბალტიის ქვეყანა (ესენი იყვნენ ტრადიციულად ჩვენი ტრადიციული მოკავშირეები ევროპის და ნატოს გზაზე), პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართული არის და ეხმარება უკრაინას და უკრაინა ცხადია. თვითონ, შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს. ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია რომელიც ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა! ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით... „თუ არ მიგვიღო...ფარდას ავხდიო“! არ ვიცი რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე, რომ ნელ-ნელა ახდილია ეს უნდა გვადარდებდეს მგონი.

ახალი კითხვებიც გავაჩინეთ. გავაჩინეთ ეს კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ გამოვიჩინეთ:
საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ. საერთოდ ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი თუ ქვეყანა ომში როცა არის მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა.

და კერძოდ სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და ნაწილი მოსახლეობისთვის მაინც: „თან შევუერთდით (და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებთან) თან ვამბობთ, რომ არ ვამბობთ“, და ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს და ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე და ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, რომ ვეუბნებით „უშედეგო იქნებაო“, წარმოგვიდგენია თუ ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს. და ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს.

ასევე მოჰყვება ამ კითხვების გაჩენის კუთხით შექმნილი, მოგონილი თემა მეორე ფრონტისა: არც ერთი ჩვენი პარტნიორი, და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მე ვარ ერთადერთი, ვინც ვიყავი ამერიკაშიც, ევროპაშიც და ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები და ღია შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც შესაძლოა სხვებს არ ეუბნებიან. არსად, არც ერთხელ, არასოდეს არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა თქვენ სად ხართ? რატომ არ არის მეორე ფრონტი? და რას აპირებთ, მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. ეს არ არსებობს, არის მოგონილი,ა რის ტყუილი და ამის ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი საიდანაც მართალია გაისმა მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის, ესეც ვიცით რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება რაღაც მომენტში გაუჩნდეს იმის მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ, არც პოლემიკაში შევიდეთ. ჩვენ ვიცით, მე თვითონ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს, რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ რომ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს მოსახლეობას იქ და ვცადოთ და ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა, რომ შერიგებით, გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა განვავითაროთ თვით ქვეყანაში და ამ თემით შევაშინოთ მოსახლეობა. მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად უყურებს ეკრანებთან თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ შენი არჩევანი არის ან ეს შენც მოგივიდეს ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო. ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია. ნებისმიერ ქვეყანას, ამასაც ვიტყვი, ევროპის თუ ამერიკის, ასე რომ იტყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს რომ არ მინდა ომი. ვის უნდა?! უკრაინელებს უნდოდათ?!

ეს არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია! ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ „გავუგოროთ“. არ ვპასუხობ ამ კითხვაზე და არ უნდა ვუპასუხოთ.

კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა - „სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა“ ასევე გაღიზიანებას აჩენს ყველა ჩვენი პარტნიორებისგან, რამეთუ ადვილია ამაზე პასუხი: თუნდაც, ის, რაც გააკეთა მოლდოვამ ... ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არავის არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქციები, არც ომში ჩართვა არავის მისგან არ მოუთხოვია და არც ჩვენგან. მაგრამ, მოლდოვამ შეძლო, ის, რაც როგორც ჩანს ჩვენ გვიჭირს - გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია.

ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნების და მზადყოფნის შესახებ.

ამ ყველაფერმა, ძალიან მოკლე რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცვან, და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ, მაგალითად ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში და თუნდაც ომის დროს.

ამდენად, იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაცია, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია, და რაც ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ეგრეთწოდებული მეორე ფრონტის შექმნილი მითი!

ოპოზიციამ, და უფრო სწორად, მისმა რადიკალურ ფრთამ, ცხადია ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშა, თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ გვყავს ასევე კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. და ამ საკითხში, რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები პირველ რიგში ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე ხელისუფლებაზეა და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია.

ეს საკმაოდ მძიმე სურათია და ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი:
ჯერ ერთი, ისიც მინდა ვთქვა, რომ რეზოლუცია, რომელზედაც ამდენი დაიწერა კრიტიკასთან ერთად, და მძაფრია კრიტიკა, ასევე ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება: „ გამოთქვამს მის რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ...“ . ანუ არ არის ნეგატიური დასკვნა.

ამ დროს ველოდებით კომისიის რეკომენდაციას დღითიდღე, რომელიც ამ კვირის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი, რის საფუძველზე, მაგრამ არა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, თვის ბოლოს 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო, ამ 27 ქვეყნის მეთაური მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ეს თარიღი იქნა შენარჩუნებული. ანუ რამდენიმე საფეხური არსებობს და ამდენად შანსი კიდევ არსებობს.

ამავე დროს, ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, იმედი შეიძლება შევინარჩუნოთ.

მაგრამ ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ:

პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან - ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ ასევე, გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ შევიკრიბოთ, ყველა, ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით. სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე - მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები. თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღერონ. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ეს ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა, არ გვინდა კიდევ მეტი ჩვენი ემიგრანტების იქითკენ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, რომელიც ჩვენთვის მისაღებია.

ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16ში, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, რომ შემოგვიერთდნენ.

ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და ყველა სხვა დაპირისპირება. ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე.

მივმართავ სამართალდამცველებს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული რათა ექსცესები გამოირიცხოს.

მივმართავ ასევე, 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება, ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე შემიძლია მივმართო მხოლოდ თხოვნით- თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქმნება რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა! თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

მივმართავ აქედან დღეს ქალბატონ ურუსლა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის და მოვუწოდებ რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის რომლის ჯარისკაცები გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგენენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, რომ გაითვალისწინოს ეს ხალხი იმსახურებს მისი 30 წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას. და ეს დღე დგება ახლა.

ხვალვე ასევე მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეულ 27 წევრ ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ, იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს.

მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ჩემი ნათქვამი აქ არ მოეწონება, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი 30 წლიანი (თუ არა 30 საუკუნოვანი) მისწრაფება და ანტი ევროპულ რიტორიკისგან როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით რომ ამით ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება.

დღეს სხვანაირად დგას საკითხი ვინც იქნება პასუხისმგებელი იმაზე რომ საქართველოს ამ ახალ საფეხურზე ვინც აიყვანა ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და პოლიტიკური მომავლის გამყარებას. დიდი იმედი მაქვს რომ ყველანი ამას გავიაზრებთ და ერთად ვიდგებით იმ უმნიშვნელოვანესს გზაზე.

მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში, ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები და მიზანი ის კი არ არის რომ მეტი და მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში, ან როგორც ზოგი ოცნებობს, რომ მე გადავდგე და მეც წავიდე პარიზში, მიზანი არის რომ აქ ერთად ვიცხოვროთ იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც", - განაცხადა პრეზიდენტმა.