მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ვებგვერდი კვლავ ბლოკირებულია - ჰაკერული შეტევა გრძელდება

5db7e5360062f
BM.GE
29.10.19 11:07
977
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი, სხვა ათობით ვებგვერდთან ერთად კვლავ დაბლოკილია.

ფართომასშტაბიანი ჰაკერული შეტევა გუშინ, დაახლოებით 12:00-ზე დაიწყო და მან კომპანია "პროსერვისის" სერვერებისა და მასზე განთავსებული ათასობით ვებგვერდის ბლოკირება გამოიწვია. ორგანიზაციის მიერ გუშინ ღამით გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ ბლოკირებული ვებგვერდების 50%-ის აღდგენა უკვე შეძლეს.

"პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ვებგვერდების აღდგენა ხვალ დღის ბოლომდე იგეგმება.

კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაკერებმა თავდასხმის შემდეგ, დაბლოკილი ვებგვერდების საწყის გვერდზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ატვირთეს, წარწერით  "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). 

თავდასხმის სამიზნე გახდნენ ტელეკომპანიები მაესტრო და იმედი, დაიბლოკა ტვ პირველის ვებგვერდიც, ასევე გაითიშა საერთო სასამართლოების, საკრებულოების, უნივერსიტეტებისა და სხვა დაწესებულებების ვებგვერდები და ელექტრონული სისტემები.